ოპოზიციური პარტიის “მემკვიდრეობა” პრესმდივნის დავით სანასარიანის განცხადებით, დაახლოებით 70 მოქალაქე და ამდენივე პოლიციელი იმყოფებოდა მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში.
“დილამდე განვიხილავდით სხვადასხვა საკითხს, ზოგიერთ მოქალაქეს ეძინა, დილისთვის კი დემონსტრანტების ნაწილი წავიდა”,- თქვა მან NEWS.am- თან საუბრისას.
ღამე მოედანზე იმყოფებოდა 28 წლის ოვანეს კარაპეტიანი, რომელმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. დილით იგი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. NEWS.am-ის ინფორმაციით, კარაპეტიანი მეგობრებსა და პოლიციას საავადმყოფოში გადაყვანაზე და ნაკერების მოხსნაზე დათანხმდა.

NEWS.am წერს, რომ 7 ივლისს, 11 საათზე თავისუფლების მოედანზე 10 დემონსტრანტი იმყოფებოდა.
6 ივლისს, 13:30 საათზე, არაერთი მოლაპარაკების შემდეგ, პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე ერევანში, მარშალ ბაგრამიანის გამზირი დემონსტრანტებისაგან გაათავისუფლა. პოლიციამ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მაგრამ ისინი მალევე გაათავისუფლეს. საღამოს კი თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა მჯდომარე პიკეტირების დაწყების შესახებ განაცხადეს.
საპროტესტო აქციები ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების გამო დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ბაგრამიანის გამზირი 22 ივნისს დაიკავეს. ბაგრამიანის გამზირზე განთავსებულია პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე, ბრიტანეთის, სირიის და ჩინეთის საელჩოები. დემონსტრანეტბის წინააღმდეგ, 6 ივლისისგან განსხვავებით, 23 ივნისს პოლიციამ ძალა (ხელკეტები და წყლის ჭავლი) გამოიყენა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.