ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა დანებდა კრემლის ზეწოლას – ჰოჯესი ანაკლიის პორტზე

6 თებერვალი, 2020 •
საქართველოს მთავრობა დანებდა კრემლის ზეწოლას – ჰოჯესი ანაკლიის პორტზე

ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ანაკლიის პორტისთვის ძირის გამოსათხრელად და საქართველოს მთავრობაც დანებდა კრემლის ზეწოლას.

ამის შესახებ ჰოჯესმა ბრიუსელში, ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “საზღვაო უსაფრთხოება და ლურჯი ეკონომიკა” განაცხადა.

“საქართველომ სცადა, შავი ზღვის აღმოსავლეთით აეშენებინა პორტი, სახელწოდებით “ანაკლია”, რომელიც საკმარისად ღრმა და მასშტაბური იქნებოდა შავ ზღვაში შესული დიდი გემებისთვის. ეს პორტი რომ შექმნილიყო, დრო, რომელიც შანხაიდან როტერდამამდე კონტეინერის გადატანას სჭირდება, თითქმის ორი კვირით შემცირდებოდა. ეს დიდი თანხაა. ევროპული კომპანიები ინვესტიციებს განახორციელებდნენ საქართველოში. საქართველო ლოჯისტიკური ცენტრი გახდებოდა ევრაზიასა და ევროპას შორის.  შემდეგ კი, ევროპული ქვეყნები ძალიან დაინტერესდებოდნენ საქართველოს უსაფრთხოებით და სტაბილურობით”, – განაცხადა ჰოჯესმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომაც, რუსეთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ძირი გამოეთხარა პორტის მშენებლობის  მცდელობისთვის.

“სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, მე ვფიქრობ, დანებდა კრემლის ზეწოლას”, – თქვა გენერალმა.

ამ თემაზე:

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი