ახალი ამბები

რამდენიმე კომპანიისგან, მათ შორის, კონსორციუმებისგან მივიღეთ განაცხადი — დავითაშვილი ანაკლიაზე

26 ივნისი, 2023 • 896
რამდენიმე კომპანიისგან, მათ შორის, კონსორციუმებისგან მივიღეთ განაცხადი — დავითაშვილი ანაკლიაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით განაცხადი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მიიღო. ამ საკითხზე მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა, დაინტერესებულ კომპანიებს კი განცხადების წარდგენის შესაძლებლობა 19 ივნისამდე ჰქონდათ.

ჟურნალისტმა დავითაშვილს ჰკითხა, რამდენმა ინვესტორმა გამოთქვა ანაკლიის განვითარებაში ჩართვის სურვილი და ვინ არიან ისინი.

“გიდასტურებთ, რომ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან განაცხადი. არის ინდივიდუალურად კომპანიები, არის კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიებისგან მოთხოვნილი იყო შესაბამისობის, მათ შორის ფინანსური მდგრადობის, შესახებ ინფორმაცია და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია.

ამიტომ ახლა მიდის ამ ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება და უახლოეს ხანებში საზოგადოებას მივაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას მონაწილე კომპანიების, მათი გამოცდილების შესახებ და ყველა იმ ინფორმაციას, რაც გამოთხოვილი გვქონდა კომპანიების მხრიდან”, — დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

მთავრობას ნათქვამი აქვს, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. პორტის 51%-ის მფლობელი სწორედ სახელმწიფო იქნება.

საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

კონსორციუმი და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი ამჟამად საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი