ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისისისაგან ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით პასუხი მიიღეს.
აღნიშნული პროექტის შეფასება ODHIR-ს საქართველოს სახალხო დამცველმა სთხოვა. კაპანაძის თქმით, ODHIR-ის დასკვნაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მათ მიერ შეთავაზებული მოდელი არაკონსტიტუციურია, რაც ამ პროექტის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” მთავარი არგუმენტია.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო საუბრობს, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მას არ აქვს წინააღმდეგობა არც [ევროპულ] საუკეთესო პრაქტიკასთან. ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობობდეს კონსენსუსი. ესაა ის, რასაც ჩვენც ვსაუბრობთ”, – განაცხადა კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
“ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი შეიძლება მიღებული იყოს პირდაპირ. მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მოდელთან დაკავშირებით”, – განაცხადა კაპანაძემ.
ოპოზიციურმა პარტიებმა ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვარიანტი 2019 წელს წარადგინეს, რომელსაც ხელისუფლებას სთავაზობენ. ეს მოდელი მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც პარლამენტში ჩავარდა 2020-ის არჩევნებში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი.
ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტში კვლავ 73 მაჟორიტარი და 77 სიით არჩეული დეპუტატი შევა, თუმცა იცვლება მანდატების განაწილების წესი, ასევე მსხვილდება მაჟორიტარული ოლქები. ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამტკიცებენ, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და აპირებენ, პროექტი ექსპერტიზისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნონ.
ამ მოდელის თანახმად:
- ისევე როგორც ახლა, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.
- პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.
ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ყოველ ამომრჩეველს უფლება აქვს ერთი ბიულეტენით თავისი პირველი ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევად წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ბიულეტენით ხმა მისცეს იმავე ოლქში წარდგენილ ერთ პარტიულ სიას, ისევე როგორც ეს ამჟამად არსებული შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ხდება, თუმცა, ამჟამინდელისაგან განსხვავებით, შეიცვლება მანდატების განაწილების პრინციპი.
დღეისათვის მანდატები ე.წ. პარალელური არჩევნების მოდელით ნაწილდება. 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით ირჩევა, ხოლო 77 – პროპორციულით, ანუ პარტიების/ბლოკების მიერ წარდგენილი სიები 77 მანდატიდან პროპორციულად, მიღებული პროცენტების შესაბამისად ინაწილებენ საპარლამენტო ადგილებს, და ეს ორი სისტემა ერთამენეთზე გავლენას არ ახდენს. პარტიას პროპორციული სისტემით მოპოვებულ მანდატებზე ემატება პარალელურად მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ადგილები და ასე გამოიანგარიშება მისი საბოლოო წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციის მოდელით ეს მიდგომა იცვლება.
გაიგეთ მეტი