ახალი ამბები

სოცაგენტები კამერებით აღიჭურვებიან – მინისტრი

5 თებერვალი, 2020 •
სოცაგენტები კამერებით აღიჭურვებიან – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალური აგენტები, რომლებმაც ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური შეფასება უნდა გააკეთონ, რის საფუძველზეც, შემდგომ სამინისტრო მათ სტატუსს ანიჭებს, სამხრე კამერებით აღიჭურვებიან. მინისტრის განმარტებით, კამერები შეფასების პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის:

“ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან ფორმას. შეფასების პროცესში კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები სამხრე კამერებითა და ციფრული მოწყობილობებით აღიჭურვებიან, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურადაც ასახული. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოირიცხოს როგორც აგენტის სუბიექტური შეფასება, ასევე, სისტემური შეცდომები”.

მოქმედი კანონმდებლობით,  მაძიებელი ოჯახის იდენტიფიკაცია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა სოციალური აგენტის მიერ ხორციელდება. მაძიებელი ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სოციალური აგენტი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას:

ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სოციალური აგენტის მიერ მაძიებელი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად;
ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს მაძიებელი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

მასალების გადაბეჭდვის წესი