ახალი ამბები

ქართველ “ვანგებს” პროგნოზი უჭირთ – კობახიძე ექსპერტებს აკრიტიკებს

5 თებერვალი, 2020 •
ქართველ “ვანგებს” პროგნოზი უჭირთ – კობახიძე ექსპერტებს აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, შიდა კვლევა აჩვენებს, რომ არსებობს წინაპირობა, “ოცნება” 2016 წლის არჩევნებში მიღებულ შედეგს გადასცდეს.

კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” პროგრამა მინიმუმია, ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა მიიღოს.

არჩევნებზე მინიმუმ 2016 წლის შედეგი უნდა გავიმეოროთ – კობახიძე

ჟურნალისტმა კობახიძეს უთხრა, რომ ექსპერტების, მაგალითად, თორნიკე შარაშენიძის აზრით, ასეთი პროგნოზი ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას აპირებს.

“თორნიკე შარაშენიძე არის ექსპერტი? საქართველოში ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ. არამარტო არჩევნებთან დაკავშირებით, ზოგადად, უჭირთ ამ ადამიანებს პროგნოზების კეთება, გათვლა, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა უნდა მოხდეს და ა.შ. ბუნებრივია, ასეთი ადამიანების, ქართველი “ვანგების” კომენტარებზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა კობახიძემ.

თორნიკე შარაშენიძე კობახიძეს პასუხობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და პროფესორია და არა – ექსპერტი.

“დავამშვიდებ, არ მიმაჩნია ჩემი თავი ექსპერტად. მე მაქვს სამსახური, ვარ პროფესორი, ძალიან კარგი წიგნების ავტორი. თუ იმას ამბობს, რომ მე არასწორ პროგნოზებს ვაკეთებ, მისგან განსხვავებით ტყუილებს მაინც არ ვიძახი. მისი ძალიან ბევრი ტყუილის გახსენება შემიძლია, მაგალითად, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო  “ნაცი” და ბევრი მსგავსი. კიდევ მეორე ტესტს შევთავაზებ – გავიდეთ ხალხში, დავილაპარაკოთ და ვის მიმართ უფრო მეტი ნდობა ექნება ხალხს, ნახოს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” შარაშენიძემ.

თორნიკე შარაშენიძემ “ინტერპრესნიუსთან” შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მმართველი პარტიის პროგრამა მინიმუმი საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყოველი მეორე ხმის მიღება იქნება, თუმცა პარტიას 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც აქვს.

“როგორც ჩანს, მაშინ ძალიან დიდ გაყალბებას აპირებენ, სხვა ახსნა ამას არ აქვს. მსგავსი არაადეკვატური განცხადება არცერთი ხელისუფლებისგან არ მსმენია. მსგავსი არ მსმენია შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან 2003-ში და სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან 2012-ში”, – განაცხადა შარაშენიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი