“იმედია, როგორც მინიმუმ, გზავნილი მაინც სწორად იქნება გადმოცემული, იმიტომ, რომ ზოგჯერ ამის პრობლემაც არის ხოლმე”, – ამბობს საპარლამენტო უმრავლელესობის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანის ვიზიტთან დაკავშირებით.
მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დღეს დაიწყო და მას წინ უძღოდა კრიტიკული წერილები, რომლებიც აშშ-ის სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოს მთავრობას გამოუგზვანეს.
“ჩასვლა და საუბარი კარგია, მაგრამ მთავარია, სათქმელი რა გაქვს. სათქმელი გვექნება იმ შემთხვევაში, თუ გამოვასწორებთ იმ შეცდომებს და არასწორ გადაწყვეტილებებს, რომელმაც გამოიწვია ეს ყველაფერი [კრიტიკული წერილები]. ჰაერიდან ხომ არ წამოსულა ეს ყველაფერი და მართლა ლობისტების გაკეთებული ხომ არ არის ეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა 4 თებერვალს ტვ პირველის “ღამის საუბრებში” ზალკანიანის ვიზიტის შეფასებისას.
“გააჩნია, რის სათქმელად არიან ჩასული. თუ იმის სათქმელად არიან ჩასული, რომ გადავწყვიტეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისზე და დათმობაზე წასვლა, მაშინ შანსები არის.
უფრო მეტი შანსია, რომ ეს არ არის სათქმელი [საქართველოს დელეგაციის] და რასაც საჯაროდ ვისმენთ, იგივე სათქმელი აქვთ – რომ შეცდომაში შეყვანილი კონგრესმენები უნდა გამოაფხიზლონ, თვალი აუხილონ და სიმართლე დაანახონ. მაშინ ეს არის განწირული ქმედება, იმიტომ, რომ დაბნეულობისგან და ინფორმაციული ვაკუუმისგან ეს განცხადებები არავის გაუკეთებია”,- მიაჩნია ჩუგოშვილს.
ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა ამ ვიზიტის მიზანი მესიჯების ჩამოტანა ივანიშვილისთვის, ჩუგოშვილმა ასე უპასუხა:
“ეს მაინც თუ სწორად გაკეთდება, ესეც კარგი იქნება. მაგრამ მე ვყოფილვარ მომსწრე ისეთი შემთხვევების, როდესაც საკმაოდ კრიტიკული შეხვედრები შეუფასებიათ ჩემს კოლეგებს და უთქვამთ, ეს კარგი შეხვედრა იყოო. ვითომ არაფერი არ მომხდარა იქ და ასე შემდეგ. იმედი,ა ეს მაინც არ მოხდება და იმედია, როგორც მინიმუმ, გზავნილი მაინც სწორად იქნება გადმოცემული, იმიტომ, რომ ზოგჯერ ამის პრობლემაც არის ხოლმე”.