ინფექციურში მყოფ 2 ადამიანზე კორონავირუსი გამოირიცხა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა მონაცემები ნიდერლანდებში იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი უშუალოდ ვირუსის კერის ადგილას, ქალაქ ვუჰანში. ისინი რამდენიმე დღეა ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან. საქართველოს ორ მოქალაქეზე ინფორმაცია გამყრელიძემ 31 იანვარს გაავრცელა. მისი თქმით, აქედან ერთი თავად მივიდა ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო მეორე აეროპორტიდან ტემპერატურით გადაიყვანეს.

“ამ ეტაპზე კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. დაკვირვების ქვეშ, დღევანდელი მონაცემებით, ექვსი ადამიანია. მათ შორის განსაკუთრაებული ყურადღება იყო ორ ადამიანზე, რომელთაგან ერთი ნამყოფია ქალაქ ვუჰანში. იცით, რომ გასულ კვირას ჩვენთან ჩატარდა კვლევები 22 რესპირატორულ ვირუსზე და პასუხი ყველაზე უარყოფითი იყო. შემდეგ საჭირო გახდა, მათი მონაცემები გადაგზავნილიყო ევროპის ერთ-ერთ რეფერალურ განყოფილებაში კერძოდ, როტერდამში. ამ დილით მივიღეთ პასუხი, რომ ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია”, – აცხადებს გამყრელიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.