ახალი ამბები

უმრავლესობამ პოლიტიკურ განცხადებებზე უარი თქვა

4 თებერვალი, 2020 • 780
უმრავლესობამ პოლიტიკურ განცხადებებზე უარი თქვა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა.

შესრულდა საქართველოს ჰიმნი, რის შემდეგაც დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბაღდათში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულ ოჯახს. დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გაწერილი საკითხების განხილვამდე გათვალისწინებულია პოლიტიკური განცხადებები, რომლებზეც უმრავლესობამ უარი თქვა.

“უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე დღეს პოლიტიკური განცხადებები იქნებოდა არელევანტური, ამიტომ უმრავლესობა დღეს უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებებზე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, საუბარი იყო სხდომის გადადებაზეც, თუმცა მმართველმა გუნდმა რეგლამენტის დარღვევა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე უარი თქვეს გია ჟორჟოლიანმა, ბექა ნაცვლიშვილმა, თამარ ჩუგოშვილმა, ფრაქციამ “დამოუკიდებელი დეპუტატები”. პოლიტიკური განცხადებისთვის გამოყოფილი დროით მხოლოდ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ისარგებლა, რომელმაც ხელისუფლება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ არასათანადო ყურადღების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ მხარს უჭერდა დღევანდელი სხდომის გადადებას.

ბაღდადში მომხდარი ხანძრის შემთხვევის გამო, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტს დღეს დაგეგმილი საპარლამენტო სხდომის გადადებისკენ მოუწოდა. როგორც ცნობილია, ოპოზიციამ ამის გამო დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციები გადადო.


ბაღდათში, ხის ძველ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სოციალურად დაუცველი ოჯახი ემსხვერპლა, მათ შორის, 4 ბავშვი და 2 ქალი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი