ახალი ამბები

რა დაადგინა საპარლამენტო მოკვლევამ

4 თებერვალი, 2020 • 2384
რა დაადგინა საპარლამენტო მოკვლევამ

“ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ დღეს სახელმწიფო პოლიტიკა არ გაგვაჩნია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელია.

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელიც პარლამენტში 2019 წლის თებერვალში შეიქმნა, რეგლამენტით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადის ნაცვლად, დასკვნა მოკვლევის დაწყებიდან თითქმის 1 წლის შემდეგ წარმოადგინა. თემატური მოკვლევა, რაც პარლამენტისთვის შედარებით ახალი ინსტრუმენტია, საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობას აძლევს, სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირი ჩართულობით გამოიკვლიოს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხი, შეისწავლოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა კონკრეტულ საკითხზე და გასცეს რეკომენდაციები. უკვე მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გოგუაძე აცხადებს, რომ 3-თვიანი ვადა ყოველთვის საკმარისი არ არის და ეს პერიოდი სასურველია, 1-წლამდე გაიზარდოს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშში, რომელიც „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ და USAID-ის „კარგი მმართველობის ინიციატივის“ (GGI) მხარდაჭერით მომზადდა, გამოყენებულია სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების (ჯამში, 23 ორგანიზაციის) მიერ მიწოდებული ინფორმაცია. დოკუმენტი მიმოიხილავს დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ასევე, მოიცავს რეკომენდაციებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ.

ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები

თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშში ნათქვამია, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა რესპონდენტების მიერ საწყისშივე ასოცირდება რუსეთის ფედერაციასთან და გამოკითხული  ექსპერტები კრემლის საშუალოვადიან ამოცანად საქართველოში ღიად რუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლას ასახელებენ. საკუთარი მიზნების მისაღწევად, მტრულ საინფორმაციო კამპანიებში ხშირად ნერგავენ შიშს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა: იდენტობა, ოჯახი, რელიგია, ენა და სხვა ფასეულობები. ანგარიშში ჩამოთვლილია თვისებები, რომლებიც რუსეთის და პრორუსული აქტორებისთვის არის დამახასიათებელია:

  • შეთქმულების თეორიები და მითები; 
  • ანტიამერიკული და ანტითურქული გზავნილები; 
  • ნატო-ში  გაწევრიანების  გატოლება რუსეთთან ომთან და საქართველოს ტერიტორიების დაკარგვასთან;
  • საბჭოთა წარსულის განდიდება;  
  • დასავლური ინსტიტუტების დაკნინება; 
  • ლიბერალიზმის ბოროტებად მონათვლა;  
  • ეთნიკური და რელიგიური გრძნობებით მანიპულირება. 

“არასახელმწიფო ორგანიზაციების ნაწილი თვლის, რომ საქართველოს მთავრობას  დიდი ხანი დასჭირდა დეზინფორმაციის და პროპაგანდის პრობლემად აღიარებისათვის, რამაც შესაბამისი ძალისხმევის გაწევა შეაფერხა და საინფორმაციო ოპერაციების სამიზნე აუდიტორიები უფრო მოწყვლადი გახადა; სახელმწიფო ორგანოების მხრიდან პროპაგანდასთან გამკლავების ძალისხმევა ძირითადად რეაქტიულია  და იშვიათად მოიცავს წინმსწრებ, პრევენციულ ნაბიჯებს. გამონაკლისს წარმოადგენს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომელიც  მეტად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო და სამოქალაქო აქტორებთან”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა მაღალი პროცენტული რაოდენობის გამო, თემატური მოკვლევის ჯგუფი ვარაუდობს, რომ ანტიდასავლური  საინფორმაციო პოლიტიკის  გავლენა საქართველოში დაბალია, თუმცა “ეს არ ასუსტებს პრობლემის სიმძაფრეს ან შესაძლებლობას, რომ მოქალაქეთა არსებული განწყობა შეიცვალოს”.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ დეზინფორმაციის და პროპაგანდის საფრთხედ აღქმა მეტწილად გაცხადებული და ასახულია რიგ სტრატეგიულ  დოკუმენტებში და საგზაო რუკებში, მაგრამ ოპერაციული მიდგომები, მათ შორის, უწყებათაშორისი და სხვა სექტორებთან კოორდინაციის მექანიზმები, შეზღუდულია ან სულაც არ არსებობს. მართალია, რიგ სამინისტროებში და პრემიერ-მინისტრის აპარატში შექმნილია სტრატეგიული კომუნიკაციის  დეპარტამენტები, მაგრამ საპარლამენტო მოკვლევას გაუჭირდა დადგენა, როგორ ფუნქციონირებენ სტრატკომები და მათი აქტივობა თუ განსხვავდება პიარ ღონისძიებებისგან. ანგარიში, ასევე, მიუთითებს სახელმწიფოს და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის ნაკლებობაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. 

თემატური მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციები დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით შემდეგში მდგომარეობს:

  • პარლამენტის როლის გაზრდა: იყოს ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხების
    განხილვის ზეპარტიული ფორუმი; საჯარო ან დახურულ ფორმატებში მოიწვიოს სოციალური ქსელების (Facebook, Google, ა.შ.) და სხვა რელევანტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც ეს აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხდება.
  • Facebook-თან თანამშრომლობა, რათა სოციალური ქსელის რიგი რეგულაციები, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის სავალდებულოობა საქართველოზეც გავრცელდეს და ე.წ. დარეპორტების მექანიზმის მორგება ქართულ კონტენტზე.
  • დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა: რუსეთთან აფილირებული კერძო, არასამთავრობო, მედია და პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური გამჭვირვალობის მიზნით, გადაიხედოს გრანტების, მაუწყებლობის, რეკლამის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონები.
  • ცენტრალური მაკოორდინირებელი მექანიზმის ამოქმედება მთავრობაში, რომელიც უზრუნველყოფს წინმსწრებ კომუნიკაციას დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე, მათ შორის არჩევნებში პოტენციური გარე ძალის ჩარევის შესახებ; დეზინფორმაციის მონიტორინგი, პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მთავრობისა და პარლამენტისთვის პერიოდული ანგარიშის მომზადება და ევრო-ატლანტიკურ დონეზე სხვა ანალოგიურ უწყებებთან თანამშრომლობა.(სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრალური მაკოორდინირებელი ორგანო, ალტერნატიულად, შესაძლოა იყოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო).
  • 2020 საპარლამენტო არჩევნების დაცვა გარე ჩარევისგან და ადგილობრივი მანიპულაციებისგან.
  • ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ კონცეფციაში მკვეთრად აისახოს საქართველოს მიმართ რუსეთის ჰიბრიდული ომი და მტრული საინფორმაციო ოპერაციები.
  • ეროვნული ნარატივების შექმნა.
  • მესიჯების, არხების და აუდიტორიის შერჩევა: საზოგადოებრივი მაუწყებლის როლის გაზრდა.
  • კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება
  • საქართველოს ეკლესიის და ჯარის ჩართვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის
    გაძლიერებაში
  • ყოველისმომცველი მიდგომების დანერგვა განათლების სისტემაში;
  • ტექნოლოგიების სწორი ინტეგრირება
  • საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა

ნინო გოგუაძის თქმით, ამ რეკომენდაციების აღსრულება, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით, ისე უნდა მოხდეს, რომ საფრთხე არ შეექმნას სიტყვის თავისუფლებას.

“2020 წლის არჩევნების კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღების მიქცევაა საჭირო ამ ანგარიშზე. დღეს ჩვენ ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა არ გაგვაჩნია. ეს არის ყველაზე დიდი სისუსტე. როდესაც პოლიტიკა არა აქვს სახელმწიფოს, ორგანიზებულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან გამკლავება ძალიან სუსტია და რაც კეთდება ფრაგმენტულად, იმდენად სუსტ შედეგს ახდენს, რომ ეს დიდ სურათს არ ცვლის. ამიტომ, მთავარია, რომ პარლამენტმა თვითონ აიღოს წინამძღოლობა, გახდეს დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის პროცესის გამაერთიანებელი და საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე განსაზღვროს დეზინფორმაციასთან ბრძოლა. დღეს არ არის ერთი უწყება მთავრობაში, რომელიც ასეთ პოლიტიკას შეიმუშავებდა, სხვადასხვა უწყებებს ზედამხედველობას გაუწევდა. ამიტომ   გვიჭირს კიდეც შევაფასოთ იმის ეფექტიანობა, რასაც მთავრობა დღეს აკეთებს”,  – ამბობს დეპუტატი.

დეზინფორმაციის ერთადერთი წყარო რუსეთია?

ნინო გოგუაძის თქმით, თემატური მოკვლევის მონაწილე არცერთ აქტორს, არც სახელმწიფო და არც სამოქალაქო სექტორიდან, არ დაუსახელებია სხვა სახელმწიფო, გარდა რუსეთისა, რომელიც საქართველოში დეზინფორმაციულ კამპანიაში არის ჩართული.

“შეიძლება, ჩვენი ფოკუსიც იყო ანტიდასავლური დეზინფორმაცია და გვაინტერესებდა ეს მიმართულება, მაგრამ თვითონ პროცესშიც არავის მიუთითებია დეზინფორმაციის სხვა წყაროებზე”, – ამბობს თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი.

მაგრამ არის კი პრორუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ერთადერთი გამოწვევა და ზოგ შემთხვევაში, დეზინფორმაციის წყარო ხომ არ არის საქართველოს მთავრობაც, გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს სოციალურმა ქსელმა Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო საკუთარი პლატფორმებიდან წაშალა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ანგარიშები?

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

თემატური მოკვლევის დოკუმენტში ნათქვამია, რომ Facebook-მა საქართველოსადმი გაზრდილი ინტერესი აჩვენა 2019 წლის 20 დეკემბერს, როცა კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის 344 საქართველოში რეგისტრირებული გვერდი წაშალა, რაც პრეცენდენტად შეიძლება იქნას გამოყენებული ამ სოციალურ ქსელთან თანამშრომლობის დასამყარებლად, თუმცა ეს საკითხი შესწავლილი არ არის, რასაც გოგუაძე იმით ხსნის, რომ “ფეისბუქის” მიერ ანგარიშების წაშლა უშუალოდ თემატური მოკვლევის პერიოდს არ ემთხვეოდა. 

“ჯგუფის რამდენიმე წევრის მოთხოვნა იყო, რომ ანგარიშში ასახულიყო ბოლოდროინდელი მოვლენები “ფეისბუქის” მიერ ანგარიშების წაშლასთან დაკავშირებით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს თვითონ მოკვლევის პროცესს არ უკავშირდებოდა, ამიტომ არ არის ასახული”, – ამბობს გოგუაძე.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ანგარიშების წაშლასთან დაკავშირებულ გახმაურებული ფაქტისთვის ხელისუფლებას პასუხი გასაცემი აქვს.

“როდესაც “ფეისბუქი” გეუბნება, რომ ორგანიზებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ახორციელებ, მხოლოდ იმის თქმა, რომ ამას არ აკეთებ, საზოგადოებისთვის დამაჯერებელი არ არის. თუ ხელისუფლების ინტერესშია, კითხვებს პასუხი გაეცეს, მე ვურჩევდი, საპარლამენტო ფორმატში საგამოძიებო კომისია ან მოკვლევის ჯგუფი შექმნილიყო”, – ამბობს გოგუაძე, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება მის რჩევას გაითვალისწინებს.

ამავდროულად, ნინო გოგუაძე იმედოვნებს, რომ დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე თემატური ჯგუფის მოკვლევის ჯგუფის დასკვნას პარლამენტი დაამტკიცებს და მისი იმპლემენტაციისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ამბობს, რომ დასკვნაში არაფერი შეიცვლებოდა იმის მიხედვით, თვითონ უმრავლესობაში დარჩებოდა თუ ოპოზიციაში გადავიდოდა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომიტეტი ან პარლამენტი  შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კომიტეტის, პარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და დავალებები შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს ეგზავნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი