ახალი ამბები

უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას 10 თებერვალს გამოაცხადებს

3 თებერვალი, 2020 • 1390
უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას 10 თებერვალს გამოაცხადებს

გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, 10 თებერვალს უზენაესი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც წინა ინსტანციების სასამართლოებმა უგულავა დამნაშავედ ცნეს.

ბექა ბასილაიას შეფასებით, ახლად დანიშნულმა მოსამართლეებმა – შალვა თადუმაძემ და მერაბ გაბინაშვილმა – უკვე მიიღეს პოლიტიკური დავალება, რაც საბოლოოდ უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებით დასრულდება. ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლებას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება სურს და ამის დასტურია ბოლო პერიოდში მისთვის ბრალის წაყენება აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე:

“უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესებულმა მოსამართლეებმა პირველი პოლიტიკური დავალება უკვე მიიღეს. 10 თებერვალს კოლეგია მერაბ გაბინაშვილისა და შალვა თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ საქმეზე, ე.წ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე. ეს არის საქმე, რომელიც პირველ ინსტანციასა და სააპელაციოში დასრულდა ისე, რომ გიგი უგულავას სასჯელი უკვე მოხდილად ჩაეთვალა. დღეს, როცა ამ სასამართლომ საქმის განხილვა განაახლა, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ თადუმაძისთვის დავალებაა მიცემული, რომ გიგი უგულავას თავისუფლება აღუკვეთონ”, – აცხადებს ბასილაია.

გიგი უგულავას შეფასებით, პოლიტიკოსების მიმართ ამგვარი ქმედებები რეჟმის დასასრულს ნიშნავს. მან დღეს ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პროკურატურა სახელმწიფო თანხების მითვისებას არ ედავება და რეალურად, საუბარია, სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების დასაქმებაზე.

“მედავებიან მხოლოდ იმას, რომ დავასაქმე ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. რეჟიმის დაისის ნიშანია, როდესაც სასამართლო პოლიტიკური საქმეებითაა გავსებული. ციხე პრობლემა არასავისთვის არ არის. ბატონო ბიძინა, მინდა შეგახსენოთ, რომ რაც უფრო მეტ პოლიტიკოსს დაიჭერთ, ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირდება. ეს კონსოლიდირებული ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებზე დაგამარცხებთ”, – აცხადებს უგულავა.

2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

უგულავას გარდა ამ საქმეზე ბრალდებული იყო თბილისის მერიის ხუთი ყოფილი თანამშრომელი: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე; თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე; თბილისის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსი თაბუაშვილი; ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი