ახალი ამბებისამართალი

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

28 თებერვალი, 2018 • 3115
თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

დღეს, 28 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს, პოლიტიკოს გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

თუმცა უგულავას პატიმრობა არ ემუქრება, ვინაიდან უგულავას მიმართ სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დღეს დანიშნული სასჯელი.

უგულავას გარდა ამ საქმეზე ბრალდებული იყო თბილისის მერიის ხუთი ყოფილი თანამშრომელი: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე; თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე; თბილისის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსი თაბუაშვილი; ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.  სასამართლომ ერთი მათგანი, დიმიტრი ჩხეიძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.

პროკურატურის განცხადებით, ყოფილ მერს და მაღალჩინოსნებს შემდეგი ბრალი ჰქონდათ წარდგენილი:

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქ. თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს ქ. თბილისის  მერიამ დააფუძნა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდი“. ქ.თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ – გ.უ-მ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.

2011 წლის ნოემბერში, მერიის მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ქ.თბილისის მერის – გ.უ-ს დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდში“ ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის  სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს.

დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხა, რაც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივისტებს – უბნის უფროსებსა  და მიკროკოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან – 2012 წლის ივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისთვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 13 852 497 ლარი.

მოგვიანებით, 2012 წლის  ივნისიდან – ოქტომბრის ჩათვლით,  გ.უ-ს დავალებით, პარტიული აქტივისთვის დასარიგებელი სახელფასო თანხა  ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან საბანკო ჩეკების გამოყენებით გამოჰქონდათ დანაშაულთან კავშირში მყოფ სხვა პირებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვით ეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით, უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზით მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 34 328 463 ლარი.

ქ.თბილისის მერის გ.უ-ს და მერიის მაღალჩინოსნების მიერ პარტიული ინტერესებისთვის მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 48 180 960 ლარი, რომელიც მოხმარდა არა ქ. თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.

ასევე, 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივლისი ჩათვლით, ფონდის სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდ დაფინანსდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია და პარტიის ლიდერების შეხვედრები მხარდამჭერებთან, რაშიც გაიფლანგა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები 719 862 ლარი.

გ.უ-ს, დ.ა-ს, გ.ს-ს და დ.ა-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა), ა.თ-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა), ხოლო დ.ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (თანამონაწილეობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში).

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება და გ.უ., დ.ა., ა.თ. და დ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

გ.უ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

დ.ა-ს განესაზღვრა 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64- ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დ.ა-ს განესაზღვრა 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64- ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ა.თ-ს განესაზღვრა 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63- 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. გ.ს-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება,”- აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი