ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ISIS-ის წევრობისთვის აზერბაიჯანის ათი მოქალაქე გაასამართლეს

2 ივლისი, 2015 • 1725
ISIS-ის წევრობისთვის აზერბაიჯანის ათი მოქალაქე გაასამართლეს

დაკავებული 10 მოქალქე სასამართლომ დამნაშავედ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის 279 მუხლის (კანონით არაღიარებული საბრძოლო ფორმირებების შექმნა ან მათში მონაწილეობა) და 179 მუხლის (არასრულწლოვნების ჩართვა ჩადენილ დანაშაულში) თანახმად ცნო და მათ 4-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათგან ერთი, არასრულწლოვნობის გამო, სასჯელს გამოსასწორებელ დაწესებულებაში მოიხდის.


პაკისტანში, სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო მონაწილეები 2014 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში დააკავეს. აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს მაშინდელი განცხადებით, დაკავებულები “ისლამური სახელმწიფოს” შეიარაღებულ დაჯგუფებებში მონაწილეობდნენ.


“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, დაკავებულებმა უარი განაცხადეს ადვოკატებზე და ჩვენების მიცემაზე, რადგან საერო სასამართლოს არ აღიარებენ.


“მსჯავრდებულებმა განაცხადეს, რომ მათ გაასამართლებს მხოლოდ შარიათის სასამართლო, რომელიც დაამტკიცებს მათ უდანაშაულობას. მათ თქვეს, რომ სირიაში ჭეშმარიტი ისლამისტების ბაშარ ასადის რეჟიმისგან დასაცავად და ჯიჰადის აღსასრულებლად წავიდნენ. თქვეს, რომ არ აღიარებენ საერო სასამართლოს კანონიერებას და უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე და სახელმწიფო ადვოკატების მომსახურებაზე”, – წერს “კავკაზსკი უზელი.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი