ახალი ამბები

გახარია გაზაფხულზე აშშ-ს ეწვევა – იანუშ ბუგაჟსკი

31 იანვარი, 2020 • 2378
გახარია გაზაფხულზე აშშ-ს ეწვევა – იანუშ ბუგაჟსკი

ამერიკულ გამოცემა The Hill-ში ამერიკელი ექსპერტისა და ტელეწამყვანის, იანუშ ბუგაჟსკის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაზაფხულზე აშშ-ს ეწვევა.

„ამ გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ვაშინგტონში ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში“, – წერს იგი.

სტატიას მათი კონტრიბუტორი, იანუშ ბუგაჟსკი აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია. სტატია 30 იანვარს გამოქვეყნდა. როგორც განმარტებაშია აღნიშნული, ასეთი ტიპის სტატიებში წარმოჩენილი პოზიცია ავტორებს ეკუთვნით და არა გამოცემას.

„ნეტგაზეთი“ კომენტარისთვის მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა ამ მომენტისთვის (31 იანვარი, 18:21) ჩვენ უწყებისგან პასუხს ველოდებით.

სტატიის ავტორი იანუშ ბუგაჟსკი „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (Center for European Policy Analysis (CEPA)) უფროსი მკვლევარია. მას აგრეთვე მიჰყავს ტელეგადაცემები, რომლებიც ბალკანეთის რეგიონში გადის. იგი აგრეთვე 20 წიგნის (თანა)ავტორია.

ბოლო თვეებში აშშ-ის კონგრესის წევრებმა – სენატორებმა და კონგრესმენებმა- გამოაქვეყნეს წერილები, სადაც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდნენ. მათ შორის იყვნენ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში (რესპუბლიკელი აიდაჰოდან) და წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე (რესპუბლიკელი ილინოისიდან).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი