ახალი ამბები

სოცმუშაკების გათავისუფლებაში დისკრიმინაციული ნიშნები იკვეთება – ბექა ნაცვლიშვილი

31 იანვარი, 2020 •
სოცმუშაკების გათავისუფლებაში დისკრიმინაციული ნიშნები იკვეთება – ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, 40 სოციალური მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებაში დისკრიმინაციის ნიშნები იკვეთება, რადგან მათგან 35 აქტიურად იღებდა მონაწოლებას გასული წლის გაფიცვებში. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„17 იანვარს ეს ადამიანები დააჯილდოვეს და მადლობები უხადეს, დღეს კი სამსახურიდან გაათავისუფლეს, წარმოუდგენელი ვითარებაა, რომელსაც ახსნა არა აქვს. ერთადერთი, რაც იკვეთება, არის პროფკავშირული, პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, ვინაიდან ბევრი მათგანი გაფიცვების აქტიური მონაწილე იყო. ვითხოვ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოსმენას ამ საკითხზე, ჯანდაცვის მინისტრმა კი შესაბამის კითხვებზე პასუხი უნდა გაგვცეს, დაასაბუთოს მათი გათავისუფლების მიზეზი და კრიტერიუმები. რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, ის ახალი კანონის შესაბამისად უნდა წარიმართოს და სოციალურ მუშაკთა დანიშვნა მოხდეს უკონკურსოდ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, ახალი კანონით სოციალურ სააგენტოს 50 კადრი უნდა დაემატებინა, თუმცა ამის ნაცვლად 40 გაათავისუფლა. ნაცვლიშვილის თქმით, ეს ის ადამიანები არიან, ვისზეც იდგა ეს სამსახური.

სოციალურ მუშაკებს გათავისუფლების შესახებ წერილი 29 იანვარს მიუვიდათ, რომლის მიხედვითაც მუშაობა პირველი თებერვლიდან უნდა შეწყვიტონ. სოცმუშაკების დათხოვნის წერილი არ შეიცავდა განმარტებას, თუ რა მიზეზით გაათავისუფლეს კონკრეტული ადამიანები. ერთადერთი მიზეზი, რაც წერილში იყო აღნიშნული, შეეხებოდა სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციას.

გათავისუფლებულმა სოცმუშაკებმა, შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყონ

მასალების გადაბეჭდვის წესი