ახალი ამბები

გათავისუფლებულმა სოცმუშაკებმა, შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყონ

30 იანვარი, 2020 •
გათავისუფლებულმა სოცმუშაკებმა, შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყონ

40-მდე სოციალურმა მუშაკმა, რომლებსაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე აცნობეს,  შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), სოციალურ მუშაკთა პროფკავშირების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლების განმარტებით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რა მიზეზით გაათავისუფლეს სოცმუშაკები სამსახურებიდან. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 30 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

გათავისუფლებული სოცმუშაკების არგუმენტები

სოციალურ მუშაკებს გათავისუფლების შესახებ წერილი 29 იანვარს მიუვიდათ, რომლის მიხედვითაც მუშაობა პირველი თებერვლიდან უნდა შეწყვიტონ. სოცმუშაკების დათხოვნის წერილი არ შეიცავდა განმარტებას, თუ რა მიზეზით გაათავისუფლეს კონკრეტული ადამიანები. ერთადერთი მიზეზი, რაც წერილში იყო აღნიშნული, შეეხებოდა სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციას.

სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლის, დავით ომსარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ სოციალური მუშაკები კონკრეტული მიზეზის ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. როგორც ომსარაშვილი ამბობს, შესაძლოა, აღნიშნული შემცირება სახლემწიფოს მხრიდან საკუთარი კადრების დასაქმების მცდელობას უკავშირდებოდეს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მათი დათხოვნის რეალური მიზეზი გასულ წელს სოცმუშაკების გაფიცვები და მათ მიერ გამართული აქციები იყოს.

ომსარაშვილმა ბრიფინგზე სოცმუშაკების გათავისუფლების არაკანონიერების დასამტკიცებლად მოიყვანა არგუმენტი “შვილად აყვანის და მინდობითი აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში გასული წლის 11 დეკემბერს შეტანილი ცვლილებიდან, რომლის მიხედვითაც, სოციალური მუშაკების რაოდენობა არ უნდა შემცირებულიყო და პირიქით, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაზრდილიყო კიდეც:

“კანონპროექტით არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც კანონპროექტი არ უკავშირდება მოცემული მიმართულებებით დასაქმებული პირების შემცირებას, არც შესაბამისი ბენიფიციარი პირების მიმართ არ ახდენს რაიმე ფინანსურ გავლენას, რამდენადაც იცვლება მოცემული ფუნქციის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დავით ომსარაშვილის თქმით, განმარტებითი ბარათის სწორედ ეს ნაწილი იძლეოდა იმის გარანტიას, რომ რეორგანიზაციის შედეგად სოცმუშაკთა რაოდენობა არ შემცირდებოდა და გარდა ამისა, “სოციალური მომსახურების სააგენტოში” დასაქმებული სოცმუშაკები ავტომატურად, კონკურსის გარეშე გადაინაცვლებდნენ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში”.

სოციალური მუშაკების პროფკავშირების წარმოამდგენლის, ქეთი ხუციშვილის განმარტებით კი, ქვეყანაში სოციალური მუშაკების სიმცირეა და თითოეულ სოცმუშაკს თვის განმავლობაში 100-150 შემთხვევაზე უწევს მუშაობა, “რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საქმეთა გონივრულ რაოდენობას”.

“სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლისთვის უნდა უზრუნველეყო 50 სოციალური მუშაკის დამატება. თუმცა ახალი კადრების დამატება თავისთავად გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, სოციალური მუშაკის სამუშაოს გადატვირთულობის და შრომის დაბალი სტანდარტების გამო.

ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, რატომ დაითხოვეს სამსახურიდან 40-მდე კვალიფიციური და გამოცდილი სოციალური მუშაკი. ასევე გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ადამიანები და რა გახდა მათი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ განცხადებაში.

ასევე, არასამსამთავრობო ორგანიზაციების მიერ “ნეტგაზეთისთის” მიწოდებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონში 2019 წლის 11 დეკემბერს შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” მეურვეობისა და მზრუნველობის, ასევე საერთაშორისო შვილად აყვანის უფლება-მოვალეობები უნდა გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ამავე ცვლილებების თანახმად, ზრუნვის სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობაზე.

სოცმუშაკთა მოთხოვნები და გეგმები

განცხადების მიხედვით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპოირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მოითხოვენ:

  • დაასაბუთოს რეორგანიზაციის დროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების თანამდებობიდან გათავისუფლების საჭიროება და განმარტოს გათავისუფლების კრიტერიუმები;
  • უზრუნვლეყოს რეორგანიზაციის პროცესის გამჭვირვალობა და მასში სოციალური მუშაკებისა და პროფესიული კავშირების ჩრთულობა;
  • რეპორგანიზაციის პროცესი წარიმართოს 2019 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად და სოციალურ მუშაკთა დანიშვნა სააგენტოში მოხდეს უკონკურსოდ;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს სოციალური სერვისებისა და სოციალური მუშაობის გადააზრება, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობითა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით დაგეგმოს ამ სფეროს რეფორმისთვის საჭირო ნაბიჯები, მათ შორის ახალი სერვისების შექმნის მიმართულებით.

ომსიაშვილის თქმით, მათ გამოითხოვეს დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ გაათავისუფლეს 40-მდე სოცმუშაკი სამსახურიდან და იმ შემთხვევაში, თუ ამომწურავ და დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ მიიღებენ, ისინი დაიწყებენ სამართლებრივ დავას.

გარდა ამისა, სოციალური მუშაკების პროფკავშირების წარმოამდგენლის, ქეთი ხუციშვილის თქმით, სამომავლოდ, შესაძლოა, სოციალური მუშაკებისა და მათი მხარდამჭერების აქციები დაიგეგმოს, თუმცა ამ ეტაპზე ხუციშვილმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

სამინისტროს პასუხი

გუშინ, 29 იანვარს, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც ისინი შეძლებენ მუშაობას “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთ დამხარების სააგენტოში”.

გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული წლის მარტიდან რეორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარეობდა გასაუბრებები სოცმუშაკებთან, რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი განმარტება, თუ რატომ გაათავისუფლეს კონკრეტული ადამიანები. თუმცა, ომსარაშვილის განმარტებით, ეს ვერ იქნება სამინისტროს მხრიდან დამაკმაყოფილებელი არგუმენტი, რადგან სოციალურმა მუშაკებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული გასაუბრებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი