ახალი ამბები

ორი სოცმუშაკი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურში აღადგინეს — საია

23 აგვისტო, 2021 • 1017
ორი სოცმუშაკი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურში აღადგინეს — საია

2020 წლის 31 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებული ორი სოციალური მუშაკი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც გათავისუფლებული სოცმუშაკების უფლებებს სასამართლოში იცავდა.

საიას ცნობით, სამსახურში აღდგენილი სოცმუშაკები ქუთაისის და თელავის საქალაქო სასამართლოში დავობდნენ და პირველ ინსტანციაში საქმეები წარმატებით დაასრულეს.

“სასამართლოებმა მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილეს – ბათილად ცნეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები. მოპასუხეს ასევე დაევალა სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა და გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები მოპასუხემ ზემდგომ ინსტანციებში აღარ გაასაჩივრა, სოციალური მუშაკები აღადგინა სამსახურში და აუნაზღაურა განაცდური”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

2020 წლის დასაწყისში სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მოხდა და მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა. ამის შემდეგ კი სამსახურიდან 30-მდე სოცმუშაკი გაათავისუფლეს.

მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური განმარტავდა, რომ სოცმუშაკების ნაწილის გათავისუფლების მიზეზი სწორედ სსიპ-ის ცვლილება გახდა.

ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოცმუშაკების გათავისუფლების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ თანამშრომლებს საშუალება ექნებოდათ, მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც ისინი შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთ დახმარების სააგენტოში.

სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში სოცმუშაკებთან გასაუბრება 2019 წლის მარტიდან მიმდინარეობდა, რაც შესაძლოა მათი გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო, თუმცა 2020 წლის დასაწყისში სამსახურიდან გათავისუფლებული სოცმუშაკები აცხადებდნენ, რომ გასაუბრების პერიოდში არ იცოდნენ, კონკრეტულად რას ემსახურებოდა ეს გასაუბრება.

სოცმუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებას სხვადასხვა ორგანიზაცია მიიჩნევდა უკანონოდ. მათ შორის, სოლიდარობის ქსელიც. ორგანიზაციის წარმომადგენელი, დავით ომსარაშვილი ამბობდა, რომ სოციალური მუშაკები გაათავისუფლეს კონკრეტული მიზეზის ახსნა-განმარტების გარეშე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა. მათ შორის ომსარაშვილი განიხილავდა ვერსიას, რომ სახელმწიფო ამ გზით ახალ სსიპ-ში საკუთარი კადრების დასაქმებას ცდილობდა.

იხილეთ ვრცლად:

“ბევრს ვფიქრობთ, რა იყო ჩვენი გათავისუფლების მიზეზი” – სოცმუშაკები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი