ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური „რევოლუციის“ რეალური სახე

31 იანვარი, 2020 • 6172
აფხაზური „რევოლუციის“ რეალური სახე

ავტორი: ზურაბ წურწუმია, მედიევისტი, ისტორიის მაგისტრი


აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას ექვსწლიანი მმართველობა 2020 წლის 9-13 იანვრის კრიზისის შედეგად დასრულდა. პროცესების კულმინაცია 9 იანვრის შუადღეს მოხდა, როდესაც მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. მოვლენების ეპიცენტრში არ ჩანდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათ ნაცვლად სცენაზე ახრა ავიძბა და მისი თანამებრძოლები იდგნენ. ავიძბა პოლიტიკოსების დაკვეთას არ ასრულებდა, რადგან ოპოზიცია მსგავსი ნაბიჯის გადამდგმელი არ იყო. ავიძბა თავისი ნათესავებისა და გუდაუთის კრიმინალური დაჯგუფების ინტერესებს იცავდა. ხაჯიმბასთვის ფატალური აღმოჩნდა ერთდროულად კრიმინალურ სამყაროსა და ოპოზიციასთან ბრძოლა.

9-12 იანვრის მოვლენების უკეთ გასაგებად საჭიროა პოლიტიკური და კრიმინალური წინაპირობების გადახედვა და ანალიზი. მოვლენების ქრონოლოგია, მათი მნიშვნელობა ლოგიკურს ხდის, თუ როგორ მოხდა ოპოზიციისა და კრიმინალური სამყაროს ინტერესთა თანხვედრა.

[red_box]ხაჯიმბა-ოპოზიციის ურთიერთობა 9 იანვრამდე[/red_box]

აფხაზეთში ბოლოდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობა საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

ოპოზიციის რეალური ლიდერი ასლან ბჟანია ჯერ კიდევ აპრილში მოწამლეს. ზუსტად არავინ იცის, ამ ამბების უკან ვინ იდგა, მაგრამ შედეგი ხაჯიმბასთვის იყო ხელსაყრელი: მთავარი კონკურენტი ცოცხალი, მაგრამ ქმედითუუნარო გახდა და ის პოლიტიკას დროებით ჩამოშორდა.

ოპოზიცია იძლებული გახდა ბჟანიას შემცვლელი მოენახა და ის ალხას კვიწინია აღმოჩნდა, „ამცახარას“ ლიდერი.

ერთი შეხედვით მასობრივი უკმაყოფილების ფონზე კვიწინიას იოლი გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, მაგრამ 25 აგვისტოს არჩევნებზე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს დაინიშნა. ცესკოს ოფიციალურმა მონაცემებმა ხაჯიმბას ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.

ოპოზიციამ აქციების ნაცვლად სასამართლოს მეშვეობით შედეგების გაუქმების გზა აირჩია მთავარ სტრატეგიად და, როგორც მოვლენებმა ცხადყო,  პოლიტიკური ბრძოლის ეს მეთოდი ხაჯიმბასთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა: სასამართლო პროცესი დროში გაიწელა, ოპოზიცია ფორმალურ პროცედურებში აღმოჩნდა ჩათრეული, რაც ოპოზიციურ განწყობებზე ნეგატიურად მოქმედებდა. ამ პრობლემას ემატებოდა ის, რომ კვიწინიას არც საკმარისი ავტორიტეტი აღმოაჩნდა და, როგორც პოლიტიკოსი, სუსტადაც გამოიყურებოდა. მისი სისუსტე ყველაზე მეტად სატელევიზიო დებატების დროს გამოჩნდა, სადაც ხაჯიმბამ მოწინააღმდეგე უცოდინარ ადამიანად წარმოაჩინა.

საერთო სურათი ვერც 17 დეკემბერს სოხუმში მოულოდნელად ჩასულმა ასლან ბჟანიამ შეცვალა. მომდევნო დღეს სასამართლო განხილვა იყო დანიშნული, მაგრამ სხდომაზე ბჟანიას მისვლამ ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა: მოსამართლემ საქმის განხილვა მალევე დაასრულა და შემდეგი სხდომა 9 იანვარს ჩანიშნა. ასლან ბჟანია, სერგეი შამბა და სხვა ლიდერები სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა მათმა იქ ყოფნიამ კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო.

ნათელი იყო: ოპოზიციას სამოქმედო არსენალი ამოწურული ქონდა. მათი მთავარი იარაღი მოსამართლეებზე ბჟანიას მორალური ზეწოლა აღმოჩნდა, მაგრამ მოსამართლეებმა ამ ზეწოლას გაუძლეს. ვითარების ძირითადი ხაზი უცვლელი დარჩა: ოპოზიციის დრო სასამართლო სხდომებში გადიოდა. ამასობაში ხაჯიმბას ინაუგურაცია გეგმის მიხედვით ჩატარდა და ის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა: შეცვალა რამდენიმე მინისტრი, შეცვალა სოხუმის მერი, გალის გამგებელი…

ერთადერთ შედეგს ოპოზიციამ გაგრაში მიაღწია, როდესაც ხაჯიმბა იძულებული გახდა ახლად დანიშნული გამგებელი ასტამურ ქეცბა იმავე დღესვე შეეცვალა. მაგრამ აქაც გადამწყვეტი როლი ქეცბას არაპოპულარობამ უფრო იქონია, ვიდრე ოპოზიციის აქტიურობამ.

აღმოჩნდა, რომ 6 წლის მანძილზე თითქმის მუდმივ კრიზისში მყოფი ხაჯიმბასთვის მძიმე პოლიტიკური გარემო და კონკურენცია „ბუნებრივი“ და ნაცნობი იყო. ზომიერი ოპოზიციის პირისპირ დარჩენილს საკმარისი ადმინისტრაციული რესურსი გააჩნდა, რომ დრო გაეწელა და პროცესებზე კონტროლი დაემყარებინა.

მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ხაჯიმბა მძიმედ, მაგრამ წარმატებით ახერხებდა კრიზისის გაკონტროლებას, არენაზე ახალი ძალა გამოჩნდა, რომლისთვისაც კანონი და სასამართლო ბარიერი არასდროს ყოფილა. კრიმინალურმა სამყარომ თავისი ინტერესების დაცვა და კანონიერი ქურდების მკვლელობისთვის „შურისძიება“ გადაწყვიტა, ხოლო ამ პროცესში მთავარი როლი ახრა ავიძბას დაეკისრა.

[gray_box]ხაჯიმბა და კრიმინალური სამყარო 9 იანვრამდე[/gray_box]

ამ დაპირისპირების გასაგებად საჭიროა აფხაზეთში მოქმედი მთავარი კლანისა და „დონეცკელ ლენინად“ წოდებულ ახრა ავიძბას უკეთ გაცნობა.

გუდაუთის კლანი

ბოლო ორი ათწლეულია აფხაზეთში ორი კლანი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებს: ე.წ. სოხუმისა და გუდაუთის კლანი.

გუდაუთის კლანის ლიდერია რაულ ბარცბა (იგივე პიზა). ამ კლანის გააქტიურება პირდაპირ უკავშირდება ასტამურ შამბასა (იგივე ასტიკი) და ალხას ავიძბას (იგივე ხასიკი) სცენაზე გამოჩენას. ორივემ ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 2013 წელს მიიღო. “ნათლია” თავად გუდაუთის კლანის ლიდერი „პიზა“ იყო. ყველა საქმე, რაშიც გუდუთის კლანი მონაწილეობდა, რეალურად ამ სამეულის ხელით კეთდებოდა.

გავლენების ზრდასთან ერთად, ასევე „კონფლიქტური“ ხასიათიდან და კრიმინალური ამბიციებიდან გამომდინარე „პიზა“ დაუპირისპირდა უფრო ძლიერ სოხუმის კლანს, რომელსაც გავლენიანი ქურდი მერაბ ჯანგველაძე (მერაბ სოხუმსკი) მეთაურობს. ჯანგველაძესთან შედარებით “პიზა” უფრო მეტად ადგილობრივი მასშტაბის ავტორიტეტია.

ბოლო წლებში პიზა სოხუმის კლანის ისეთ წევრებს დაუპირისპირდა, როგორებიც არიან: ალხაზ აგრბა (ალხაზ გუდაუტსკი), თემურ გვასალია (მაკოლია) თემურ ახუბა (დინრიდი) და თენგიზ ლაკერბაია (თენგულიაშ სუხუმსკი). გარდა ადგილობრივი კონკურენციისა, გუდაუთის კლანი მთავარ აზერბაიჯანელ ქურდ ნადირ სალიფოვსაც (იგივე გული) დაუპირისპირდა: ამ კლანის წარმომადგენელი ნიკა დგებუაძე (იგივე ნიკა გაგრინსკი) აფხაზეთში 2017 წლის მაისში ჯერ სცემეს, ხოლო იმავე წლის აგვისტოში – თავად პიზამ ცეცხლასროლი იარაღიდან დაჭრა. „გული“-ს მასშტაბის კანონიერ ქურდთან ასეთი ღია კონფლიქტი სარისკო საქმე იყო მხოლოდ აფხაზეთის მასშტაბის ავტორიტეტისთვის.

ამ კონფლიქტების პარალელურად „პიზა“ გავლენის სფეროებს აფართოებდა.

ეთნიკური მომენტი ქურდულ სამყაროში გადამწყვეტი არადროს ყოფილა, მაგრამ „პიზას“ „ინოვაცია“ სწორედ იმაში დგომარეობდა, რომ ქართველი ქურდების გავლენას უპირისპირდებოდა ლოგიკით: „აფხაზეთში აფხაზი ქურდები უნდა დომინირებდნენ“.

ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 2018 წლის მთავარმა კრიმინალურმა მოვლენამ: გუდაუთელები, 300-მდე კაცი, გალში ჩავიდა და ადგილობრივი ავტორიტეტებისგან გალის „ობშიაკის“ გადაცემა მოითხოვა. „პიზა“ უკვე სრულიად აფხაზეთს აკონტროლებდა.


[blue_box]ახრა ავიძბა და გუდაუთის კლანი[/blue_box]

1986 წელს სოჭში დაბადებული ახრა ავიძბა აფხაზეთში 2011 წელს გადავიდა საცხოვრებლად.

პოლიტიკისადმი „ინტერესი“ მან პირველად 2008 წლის ომში გამოავლინა, როდესაც მოხალისედ ჩავიდა ცხინვალში. აგვისტოს ომის დროს რუსული არმია ღიად მოქმედებდა და მოხალისეების აუცილებლობა არ დამდგარა. ავიძბაც აღიარებდა, რომ ცხინვალში მან საბრძოლო გამოცდილება ვერ მიიღო: რადგან  „ხუთი დღე უბრალოდ ხის ქვეშ ვიწექით და ვუყურებდით, თუ როგორ გარბოდნენ ქართველები, რომლებსაც ჩვენი ტყვიებიც ვერ ეწეოდნენ.“

ცხინვალისგან განსხვავებით, დონბასში მიმდინარე კონფლიქტი მოხალისეებისთვის ნამდვილი სამოთხე აღმოჩნდა. ავიძბა (საბრძოლო სახელი „აფხაზი“) დონბასში 2014 წლის ივლისში ჩავიდა და ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკა“ ჩამოაყალიბა. მისი სამხედრო კარიერაც წარმატებული აღმოჩნდა და 2015 წელს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის წოდებაც მიიღო.

2017 წელს ავიძბა აფხაზეთში დაბრუნდა და მარტის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობდა. კენჭს იყრიდა სოხუმის პირველ საარჩევნო ოლქში თუმცა – დამარცხდა.

ასეთი აქტიური ბიოგრაფიის ადამიანი პირდაპირ ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა გუდაუთის კლანთან: „ხასიკი“ ახრა ავიძბას ბიძაშვილია. ავიძბას კავშირებმა და ამბიციამ ის საკვანძო ფიგურად აქცია. პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთს სწორედ მისი სახით დაუკავშირდა დეკემბერ-იანვარში, ხოლო ამ ძალის სამიზნე რაულ ხაჯიმბა გახდა.


კონფლიქტი ძველ მოკავშირეებს შორის

სავარაუდოდ, უკონტროლო ავტორიტეტი და ძალაუფლება გახდა მიზეზი „პიზასა“ და ხაჯიმბას შორის დაპირისპირების დაწყებისა.

დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ „პიზას“ თავისუფლად შეეძლო ფსონი ოპოზიციაზე დაედო და მათთან გარიგებულიყო. ხაჯიმბას მისთვის მეტის შეთავაზება უკვე აღარ შეეძლო: „პიზა“ ისედაც ფლობდა ყველაფერს, რისი გაკონტროლებაც კრიმინალს შეეძლო.

შესაძლოა, სწორედ ამ საეჭვო თამაშისგან დასაზღვევად ხაჯიმბამ კრიმინალურ სამყაროსთან „ბრძოლა“ დაიწყო.  გასული წლის მარტში ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს ორგანიზებულ დანაშაულზე კანონის გამკაცრება შესთავაზა, მაგრამ კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. ვარაუდობდნენ, რომ ეს ხაჯიმბას პიარ სვლა იყო და სინამდვილეში არანაირ ბრძოლას კანონიერ ქურდებთან არ აპირებდა. მაგრამ მოგვიანებით, უკვე 2019 წლის დეკემბერში, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, როდესაც ის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირებში დაადანაშაულეს, ხაჯიმბამ ყველას შეახსენა, რომ მან სცადა კრიმინალთან ბრძოლა, მაგრამ მხარი არავინ დაუჭირა.

2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში სწორედ ასეთი გაუარესებული ურთიერთობების ფონზე მოკლეს ყველაზე გავლენიანი კლანის ორი საკვანძო ფიგურა. მკვლელობა სადამსჯელო ოპერაციას უფრო ჰგავდა. გზავნილის ადრესატი, ბუნებრივია, „პიზა“ იყო.

ამ ამბის უკან შეიძლება ნებისმიერი ქურდული კლანი მდგარიყო, რომელთანაც „პიზას“ კონფლიქტი ჰქონდა. მაგრამ სცენაზე გამოჩენილმა ახრა ავიძბამ თავიდანვე შეტევა დე ფაქტო შსს მინისტრ არშბაზე მიიტანა. ბუნებრივია, ეს მხოლოდ მისი კერძო მოსაზრება არ იყო – ის „პიზას“ პოზიციას ახმოვანებდა.

ავიძბა კანონიერი ქურდი არ არის, მაგრამ ამ პროცესებში პირდაპირ თუ ირიბად დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა  – როგორც დაღუპულის ნათესავებს, ასევე – გუდაუთის კლანს. ის, რომ ავიძბა ამ სამყაროს ინტერესებს იცავდა, ჩანს იმ ისტორიიდან, რომელიც თავად მოყვა ვიდეომიმართვაში: ავიძბა შეხვდა დე ფაქტო შსს მინისტრის მოადგილე ნუგზარ ხაგუშს, რომელმაც მას შემდეგი სიტყვებით მიმართა:“ აქ მოსვლა და მიტინგის მოწყობა არ არის ქურდული საქციელი (!). ავიძბამ უპასუხა: „ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ აქ ქურდულზე არ არის საუბარი. ისინი ჩვენი ძმები არიან და ჩვენ გვაინტერესებს, რაზე „სხედან“ ჩვენი ძმები“. ( გამოძიების ფარგლებში დე ფაქტო შსს-ს დაკავებული ჰყავდა ავიძბას ძმა და რამდენიმე ნათესავი.) ამ მიმართვაში ავიძბამ ხაჯიმბას არაერთხელ შეახსენა, რომ კანონიერ ქურდებთან ვალში იყო და მათი „გადაგდება“ უკვალოდ არ ჩაივლიდა.


[red_box]პოლიტიკური კრიზისი და კრიმინალის სინთეზი[/red_box]

2 დეკემბერს გარდაცვლილების ნათესავებმა (და არა ოპოზიციამ) მიტინგი გამართეს სოხუმში. აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ ყოფილა დიდი და არც რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს მოასწავებდა. მაგრამ განსხვავებით ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიტინგებისა, 2 დეკემბრის აქციამ მოულოდნელად შედეგი გამოიღო: სწორედ ამ დღეს ხაჯიმბამ თანამდებობიდან გადააყენა დე ფაქტო შსს მინისტრი გარი არშბა და დე ფაქტო გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა, პირველ მოადგილეებთან ერთად. ამ ნაბიჯის კომენტირებისას ხაჯიმბამ ერთი შეხედვით უცნაური სიტყვები თქვა: ნურავინ იტყვის, რომ [გადაწყვეტილებაზე] გავლენა საზოგადოებრივმა ზეწოლამ იქონია“.

მისი განცხადება, სავარაუდოდ, მიმართული იყო არა ოპოზიციისკენ, არამედ – კრიმინალური სამყაროსკენ.

ამ საკადრო ცვლილებებს თითქოს უნდა დაემშვიდებინა „დაზარალებული“ საზოგადოება, მაგრამ 15 დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში დაკავებული ეჭვმიტანილი ძმები ხაჯიმბას გარემოცვის წევრები აღმოჩნდნენ. ხაჯიმბამ შესაძლოა პირადად არაფერი იცოდა დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, მაგრამ ამის დაჯერება რთული იყო. უფრო ადვილია იფიქრო, რომ ის უბრალოდ არ ჩაერია კანონიერ ქურდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში, რაც იმასაც ნიშნავს, რომ გუდაუთელების მკვლელობას ხელი არ შეუშალა. გუდაუთის კლანისთვის დანაშაულში მისი ირიბი მონაწილეობა ნათელი იყო.


[blue_box]9 იანვრის პროცესი[/blue_box]

9 იანვარს, 12 საათზე, მორიგი სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული. ოპოზიციის ლიდერები, „ამცახარასა“ და „ერთიანი აფხაზეთის“ მომხრეები დრამატული თეატრის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. კვიწინია სასამართლოს ესწრებოდა, ხოლო ბჟანია – მოსკოვში იყო. საქმის განხილვა ჩვეული რიტმით მიმდინარეობდა.

მოულოდნელად, შესვენების დროს ავიძბა სხდომათა დარბაზში გამოჩნდა და ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან მისულიყვნენ. „აქ რას აკეთებთ? წამოდით ხალხთან!“ ბესლან ეშბამ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა უპასუხა: ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ, ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონიერი მეთოდებით. ოპოზიცია სასამართლოს შენობაში დარჩა.

ოპოზიცია, ბჟანიას სახით, არ მართავდა ამ პროცესებს, ისინი მას მოგვიანებით შეუერთდნენ.

მოვლენების ცენტრში ავიძბა და უმეტესი აფხაზისთვის უცხო ადამიანები იდგნენ. მოგვიანებით 11 იანვარს უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ შტურმში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქლააქეების ვინაობის დასადგენად გამოძიებას იწყებდა. „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს“ უკრაინელებად მოიხსენებიდნენ, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ავიძბას დასახმარებლად დონეცკელი „მეგობრები“ ჩამოვიდნენ.

ავიძბას ავანტიურა, შტურმით აეღოთ პრეზიდენტის სასახლე, რომელშიც ხაჯიმბა დილიდანვე არ იმყოფებოდა, რისკიანი წამოწყება იყო. პროცესის „ლეგიტიმურობისთვის“ საჭირო იყო იქ პოლიტიკოსების გამოჩენა. სწორედ ამ ლეგიტიმაციის მისაღებად გახდა საჭირო სასაამართლოში ავიძბას მისვლა.

ოპოზიცია თავდაპირველად შტურმში მონაწილეობას თავს არიდებდა. ისინი ავიძბას ავანტურას გაურბოდნენ: შტურმი სისხლის სამართლის დანაშაულია და წარუმატებლობის შემთხვევაში მათ პოლიტიკურ კარიერას მომავალი არ ეწერა. ავიძბამ ისინი უბრალოდ ფაქტის წინაშე დააყენა: სასახლე აღებულია და ახლა საჭიროა ამ გამარჯვების გაფორმება. სწორედ ასეთი იძულებით მივიდა ოპოზიცია სასახლესთან და „ჩაიბარა“ გამარჯვება. ავიძბამ მიზანს მიაღწია – რევოლუცია დაიწყო, რაც ნიშნავდა იმას,  რომ შტურმის უკანონობაზე ვერავინ დაიწყებდა საუბარს. ოპოზიციამაც მიაღწია მიზანს: მას არ დაურღვევია კანონი, არ მოუწოდებია შტურმისკენ, მაგრამ მივიდა იქ, სადაც „ხალხი იდგა“, დაამშვიდა და პოლიტიკურ კალაპოტში დააბრუნა პროცესები.


პოსტ ფაქტუმ

9-13 იანვრის მოვლენები ყველაზე კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რას ნიშნავს კრიმინალური სამყაროს გავლენების ზრდა. რამდენიმე დღე პოლიტიკური მოთამაშეები და თვით კრემლიც კი ასისტენის როლში აღმოჩნდნენ. მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტი არჩევნებამდე გახდა „პიზას“ მოვალე. ასეთ პირობებში კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლა  უფრო მეტად უპერსპექტივო გახდა. აფხაზ პოლიტიკოსებს გამოსავლის მოძებნა ახლა უკვე ამ ჩიხიდან მოუწევთ.


მასალების გადაბეჭდვის წესი