ახალი ამბები

“ვირუსს არ აქვს ეთნიკური ნიშანი” – ეკა ჭითანავა

31 იანვარი, 2020 •
“ვირუსს არ აქვს ეთნიკური ნიშანი” – ეკა ჭითანავა

“ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, ეკა ჭითანავას განცხადებით, იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე თავიდან ავირიდოთ საზოგადოებაში ქსენეფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერება, აუცილებელია მედიამ და პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ შეფასებებისგან და დაეყრდნონ მხოლოდ ფაქტებს.

“ვირუსს, დაავადებას არ აქვს არც მოქალაქეობრივი კუთვნილება არც ეთნიკური ნიშანი, ის ვრცელდება კონკრეტულ ქვეყანაში და ყველანაირი მიმართება, რომელიც ეხება ეთნიკურ ნიშანს, იქნება რასისტული და ქსენოფობიური… თუმცა ცალკე უსაფრთხოების საკითხის იგნორირება არ შეიძლება და აქაც სახელმწიფოები იღებენ სპეციალურ ზომებს, მაგრამ ასე კონკრეტულად ეთნიკური ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა ან ქსენოფობიური დამოკიდებულება არ არის გამართლებული”, – განმარტავს ჭითანავა ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი თქმით, აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ვირუსი არ არის კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის დამახასიათებელი და ის თავდაპირველად ვრცელდება უბრალოდ კონკრეტულ ქვეყანაში:

“ერთი არის უსაფრთხოების ზომების დაცვა და მეორეა, თავი შევიკავოთ რასისტული და ქსენოფობიური გამონათქვამებისგან. მედიამ რაც შეიძლება გააკეთოს, ეს არის ფაქტებზე დაფუძნებული სწორი ინფორმაციის გავრცელება… იმ კომპეტენტური ორგანიზაციების ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება, რაც ამ ვირუსთან დაკავშირებით არსებობს და ყველანაირი მითებისგან თავის არიდება. პოლიტიკოსებმა კი თავი უნდა შეიკავონ მოქალაქეობრივ ან ეთნიკურ ნიშანზე მითითებისგან”, – განაცხადა ჭითანავამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) ჩინეთის გარდა ამჟამად 18 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც ვირუსის დაფიქსირების 83 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა კი ჩინეთს გარეთ არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა არცერთი შემთხვევა მსხვერპლით არ დასრულებულა.

ახალი კორონავირუსის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები აზიელების მიმართ რასისტული, უარყოფითი წინასწარგანწყობა შეიქმნა. ამის შესახებ კანადაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები აზიელები საუბრობენ.

როგორც BBC წერს, რასიზმის შემთხვევები დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. როგორც გამოცემა იუწყება, საფრანგეთში მცხოვრები აზიელები საუბრობენ ცუდ დამოკიდებულებაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სოციალურ ქსელებში. მათ სოციალურ ქსელებში ახალი ჰეშთეგის – JeNeSuisPasUnVirus – “მე არ ვარ ვირუსის” გამოყენება დაიწყეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვუჰანში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციისა და სტიგმის ნიშნები გაჩნდა.

“სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელსაც სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველოში გაჩნდა…  ამის ნიშნები, სამწუხაროდ, გაჩნდა ბოლო დღეებში, რასაც ვუყურებ.

გთხოვთ, ყველამ გაითვალისიწნეთ, რომ ჯანრმთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც (WHO) შეწუხებულია სტიგმითა და დისკრმინიაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადდების ნიშნების გაჩენას სხვადსხვა ქვეყანაში“, – ამბობს იმნაძე.

ამავე თემაზე

კორონავირუსის ფონზე გაძლიერებული რასიზმი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი