ახალი ამბები

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი შეიქმნა – იუსტიციის სამინისტრო

30 იანვარი, 2020 • 806
საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი შეიქმნა – იუსტიციის სამინისტრო

საქართველოში ნარკოვითარები მონიტორინგის ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზანიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა იქნება.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება იქნება, რაც უწყების განცხადებით, ხელს შეუწყობს ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული და თანამედროვე გამოწვევების საპასუხო ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ცენტრს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი − იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი უხელმძღვანელებს, ანგარიშვალდებული კი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან იქნება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელშიც სხვა შესაბამის უწებებთან ერთად, შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე, დარგის ექსპერტები.

უწყებაში განმარტავენ, რომ ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი ორი დანაყოფისაგან შედგება:

“მონაცემთა კვლევის დანაყოფის ამოცანაა ნარკოვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება, საკონსულტაციო დანაყოფის მიზანი კი, კვლევის დანაყოფის თემატური მხარდაჭერა და მისთვის კონსულტაციების გაწევაა. შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების თანამშრომლების მიღება იუსტიციის სამინისტროში 2020 წლის თებერვლიდან დაიწყება და მათი შერჩევა კონკურსის წესით 2020 წლის მარტამდე მოხდება”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

უწყების განცხადებით, ცენტრის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე მიიღო:

“ცენტრის დაფუძნება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაც არის გათვალისწინებული. მის ფუნქციონირებას ასევე ითვალისწინებს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნით საქართველო უზრუნველყოფს ნარკოვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას, მათ ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას”, – აცხადებენ სამინისტროში.


არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს განცხადებით, რომელმაც ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში 2019 წელს არსბულ ვითარებაზე ანგარიში 29 იანვარს გაასაჯაროა, 2019 წელს ნარკოპოლიტიკის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. EMC აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია და ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა.

ვრცლად წაიკითხეთ:

EMC: ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული

მასალების გადაბეჭდვის წესი