ახალი ამბები

ვოლსკის აშშ-დან წერილების თემა ტერმინ “მეგობრულ ცეცხლს” აგონებს

30 იანვარი, 2020 • 904
ვოლსკის აშშ-დან წერილების თემა ტერმინ “მეგობრულ ცეცხლს” აგონებს

“არის საკითხები, რომელიც მე მომაგონებს ტერმინს მეგობრული ცეცხლი. ეს ტერმინი საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება. ამას ჰქვია მეგობრული ცეცხლი, როდესაც მეგობარი უნებლიეთ აზიანებს მეგობარს”, – ეს განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა ამერიკელი კანონმდებლების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებით.

“მე ვფიქრობ, რომ ის თემა, რასაც ჰქვია ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობები, არ არის მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი. ეს არის რეგიონის ინტერესი, ეს არის ჩვენი, ორივეს ინტერესი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ საკითხების უპასუხოდ დატოვება, მაგრამ ეს პასუხები უნდა იყოს საქმიანი, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი და რეალური ანალიზი უნდა ხდებოდეს შექმნილი ვითარების.

მე მგონია, რომ როგორც წერილის ადრესატს, ასევე პოლიტიკოსებს მართებთ არა მხოლოდ წერილობითი და დეკლარაციული პასუხების გაცემა, არამედ ფაქტებით აღჭურვილი დელეგაციების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან”, – განაცხადა ვოლსკიმ. მის კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს მთავრობას წერილი წუხელ გაუგზავნეს.

წერილის შეინაარსის მიხედვით, სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების არ შესრულებაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნასა და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი