ახალი ამბები

ISFED: საქართველოში 59 გამგეობიდან 16–ს ვებ–გვერდი არ აქვს

1 ივლისი, 2015 • 1299
ISFED: საქართველოში 59 გამგეობიდან 16–ს ვებ–გვერდი არ აქვს
ISFED-ის ცნობით, მათ საქართველოს მასშტაბით ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძოდ, 71 საკრებულოს, 12 თვითმმართველი ქალაქის მერიისა და 59 გამგეობის ვებ-გვერდის მონიტორინგი განახორციელეს. ვებ-გვერდებზე დაკვირვება 6 თვის განმავლობაში (2014 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მაისამდე) მიმდინარეობდა.
 
 
 
მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 59 გამგეობიდან 16-ის შემთხვევაში მონიტორინგის პერიოდში არ არსებობდა ან არ ფუნქციონირებდა ვებ-გვერდი. ესენია: თელავის, თიანეთის, ყაზბეგის, ცაგერის, ლენტეხის, ონის, ბოლნისის, გორის, ხაშურის, ხარაგაულის, საჩხერის, ბაღდათის, ვანის, ხონის, ჭიათურისა და ტყიბულის გამგეობები.
 
 
 
ასევე, ISFED-ის ცნობით, 12 თვითმმართველი ქალაქიდან მერიის ვებ-გვერდი აქვს მხოლოდ 9 ქალაქს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური, ოზურგეთი, თელავი, ზუგდიდი), ხოლო დანარჩენ 3 ქალაქის (ახალციხე, გორი, მცხეთა) მერიას არ აქვს ვებ-გვერდი. სამ შემთხვევაში მერიის ვებ-გვერდები გაერთიანებულია საკრებულოს და გამგეობის ვებ-გვერდებთან (რუსთავი, ქუთაისი, თელავი). კვლევაში აღნიშნულია, რომ ვებ-გვერდების არქონის მოუხედავად, ყველა თვითმმართველ ქალაქს აქვს საკუთარი ფეისბუქ გვერდი, რომლითაც ნაწილობრივ ახერხებს კომუნიკაცია შეინარჩუნოს მოსახლეობასთან. 
 
 
რაც შეეხება საკრებულოებს, მონიტორიგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 71 საკრებულოდან 25–ს არ აქვს ვებ-გვერდი, ან ისინი მონიტორინგის პერიოდში არ ფუნქციონირებდნენ. კერძოდ, ესენია: თიანეთის, ყაზბეგის, ცაგერის, ლენტეხის, ონის, ბოლნისის, გორის, ხარაგაულის, საჩხერის, ბაღდათის, ვანის, ხონის, ჭიათურისა, ტყიბულის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ზუგდიდის, მცხეთის, ახალქალაქის  ქალაქ გორის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ახალციხის, ქალაქ ოზურგეთის, ქალაქ ამბროლაურის და ქალაქ მცხეთის საკრებულოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი