სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთეს აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც თბილისში დაიგეგმა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისში დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ.
სუს-ში ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს 2 მოქალაქის გ.ფ-ს და დ.ფ-ს განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო:
“დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შეირჩა ლიკვიდაციის ადგილები და დეტალურად შემუშავდა აღნიშნული პირების ავტომანქანაში აფეთქების გეგმა. გამოძიების ინფორმაციით, გ.ფ-ს და დ.ფ-ს ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინაში მყოფი პირი დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ვითარების შესასწავლად თბილისში გამოაგზავნა. თბილისში ყოფნისას აღნიშნულმა პირმა რამდენიმე შეხვედრა გამართა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს მოქალაქე გ.ბ-სთან და ბ.ც-სთან.
გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მიაწოდა ინფორმაცია გ.ფ-ს და დ.ფ-ს, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების და ახლო კავშირების საცხოვრებელი სახლების განლაგების და საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილების შესახებ, რომლებსაც ხსენებული პირები სტუმრობდნენ, და აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა დაავალა. დანაშაულის შესრულების მიზნით, გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტები, ავტომატები ვაზნებითა და დამატებითი მჭიდებით და ფულადი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყო თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისათვის.
გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმის ერთ-ერთ ფორმად გ.ფ-ს და დ.ფ-ს ავტომანქანაში აფეთქება განიხილებოდა, გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომობილის აფეთქებისთვის საჭირო დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა და 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“ უკრაინის მოქალაქეს ბ.ც-მ გადასცა”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გამოძიების ვერსიით, დანაშაულის მომზადების პროცესში გ.ბ. და ბ.ც. ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ კონსპირაციის ნორმების დაცვით. კერძოდ, სუსში ამბობენ, რომ ისინი ერიდებოდნენ პირდაპირ კომუნიკაციას თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქესთან, შეხვედრების შესახებ მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის გამოყენებით წინასწარ ათანხმებდნენ უკრაინაში დამკვეთთან, ხოლო შემდგომ დამკვეთი, შუამავლის მეშვეობით, შეხვედრის დროსა და ადგილს თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეს აცნობებდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავის მხრივ, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ რ.ბ-მ, ნ.ბ-მ, გ.თ-მ, და ი.მ-მ, სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისგან მიღებული დავალების თანახმად, ორგანიზება გაუწიეს დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას.
უწყების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ბ-მ უკრაინიდან მიიღო დავალება, დაემზადებინა ორი ცალი დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობა:
“ამ უკანასკნელმა, ი.მ-სთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისათვის მიმართა ნ.ბ-ს, რომელმაც მოწყობილობა გ.თ-ს დაამზადებინა. ამის შემდეგ რ.ბ-მ საბოლოოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა თბილისში ჩამოიტანა და ბ.ც-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მოწყობილობა უკრაინის მოქალაქეს მიუტანა”, – აცხადებენ უწყებაში.
სუს-ში ამბობენ, რომ დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლების ერთობლივი კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის მომზადების აუდიო და ვიდეომასალა.
ამასთან, უწყების თქმით, საქმეზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს).