ახალი ამბები

PACE-მ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

30 იანვარი, 2020 •
PACE-მ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ზამთრის პლენარულ სესიაზე 96 ხმით, 44-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას.

ჰოლანდიელი დეპუტატის, ტინი კოხის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, საუბარია 6 თვის წინ, PACE-ში დაბრუნების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებაზე და გარკვეულ პროგრესზე მინსკის შეთანხმების რატიფიცირებაში. ამასთან, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ყირიმის უკანონო ანექსიასთან დაკავშირებით.

რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა, რომლებიც, პარტნიორი ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების ინიციატორები იყვნენ.


რუსეთს, ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლიდან ჩამორთმეული ჰქონდა ხმის უფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) და მხოლოდ პლენარულ სხდომებზე დასწრება შეეძლო. საპასუხოდ, მოსკოვმა შეაჩერა ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ბიუჯეტში 33 მილიონი ევროს გადახდა, რაც მთელი ბიუჯეტის 7%-ია და ფინანსური კრიზისი გამოიწვია.

გასულ წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას.

ევროსაბჭომ რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას მხარი დაუჭირა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი