ახალი ამბები

საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და გასაკეთებელი კიდევ ბევრია – დეგნანი

29 იანვარი, 2020 •
საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და გასაკეთებელი კიდევ ბევრია – დეგნანი

“ვფიქრობ, საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია წლების განმავლობაში და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი”, – განაცხადა აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რომელიც თბილისში დღეს ჩამოვიდა.

“მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, აქ ვიმყოფები. ჩემთვის დიდი პატივია ვიმსახურო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად და ველი აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას. თითქმის 30 წელია ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის დივერსიფიცირებაში, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაში, რომ დაიცვას საკუთარი  საზღვრები და მოქალაქეები”, – განაცხადა კელი დეგნანმა და დასძინა, რომ თავის გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად, ელის, რომ დაეხმაროს საქართველოს სტაბილურობის, წარმატებისა და უსაფრთხოების მიზნების მიღწევაში.

აშშ-ის ელჩის პირველ კომენტარს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავდა. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ბოლო დრომდე აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი იყო. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.

დეგნანს მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

აშშ-ის ახალი ელჩი თბილისშია

მასალების გადაბეჭდვის წესი