აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.
“ამერიკის საელჩო მოხარულია გაცნობოთ ელჩის, კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ. მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას'” – წერს აშშ-ის საელჩოს ოფიციალური გვერდი ფეისბუკზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავდა. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.
დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ბოლო დრომდე აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი იყო. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.
დეგნანს მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.