პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით ოპოზიცია პარლამენტთან აქციებს 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად განაახლებს.
ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ჟურნალისტებს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს. როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, 4 თებერვალს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირებას გეგმავს:
“4 თებერვლის აქცია არის პირველი გამხსნელი პიკეტირება. გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები. მინდა გითხრათ, რომ სრული კონსენსუსია ამ საკითხებზე”, – ამბობს ბოკერია ტელეკომპანია “ფორმულასთან”.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით უცვლელია. იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს მოქმედი კანონმდებლობით დანიშნავს, “ქართული ოცნების” დამარცხებას მაინც შეძლებენ
“ოპოზიცია ერთიანია, ვიკრიბებით 4-ში პარლამენტთან. გვაქვს ჩვენი მოთხოვნა და თუ შეეცდება ვადამდელის დანიშვნას, ჩვენ მზად ვართ, ოცნება მოვაშოროთ ქვეყნის მართვას და მივმართავ მათ, გონს მოეგონ, საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს საზოგადეობის მოთხოვნას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – ამბობს “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე.