ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქციის ორგანიზატორებმა მომიტინგეებს ბაგრამიანის გამზირის გათავისუფლება თხოვეს

30 ივნისი, 2015 •
აქციის ორგანიზატორებმა მომიტინგეებს ბაგრამიანის გამზირის გათავისუფლება თხოვეს

“ჩვენ უბრალო მოქალაქეები ვართ და მხოლოდ გზების გადაკეტვით ვერაფერს მივაღწევთ”, – განაცხადა მიტინგის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა არტურ კოჩერიანმა.


თუმცა კომიტეტის წევრებმა პირობა დადეს, რომ ისევ დაუბრუნდებიან ქუჩის აქციებს, “თუ მთავრობა ხალხს მოატყუებს”.

 

“ღმერთმა ნუ ქნას და თუ ხელისუფლება ხალხს მოატყუებს, ჩვენ არა მარტო ბაგრამიანის გამზირს, მთელ ქალაქს გადავკეტავთ”, – დასძინა კოჩერიანმა.

 

კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, დღეს დილით ერევნის პოლიციამ მომიტინგეებს ბაგრამიანის გამზირის გათავისუფლება და თავისუფლების მოედანზე გადასვლა შესთავაზა. როგორც სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა მომიტინგეებთან შეხვედრისას განაცხადა, პოლიცია მოედანზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მოძრაობის აღდგენას აპირებს.

 

მისი თქმით, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტილია, რაც უკიდურესად დაუშვებელია. ოსიპიანმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელ ქმედებებზე პოლიცია განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

 

ერევნის პოლიცია ბაგრამიანის გამზირის გათავისუფლებას წინა დღეებშიც ითხოვდა, რასაც მომიტინგეთა ერთი ნაწილი – საინიციატივო ჯგუფის “არა ქურდობას” მომხრეები დაემორჩილნენ, ხოლო დემონსტრანტების მეორე ნაწილი, რომლებმაც ახალი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნეს, დღემდე ბაგრამიანის გამზირზე რჩებოდნენ.

 

27 ივნისს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ კომპანია “სომხეთის ელექტრო ქსელებში”განხორციელდება აუდიტი, რომლის დასრულებამდეც ელექტროენერგიაზე ძველი ტარიფი შენარჩუნდება და “მთელ დატვირთვას ტარიფების მომატებასთან დაკავშირებით სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.

 

ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქციები ერევნის ცენტრში 19 ივნისს დაიწყო. 23 ივნისს, გამთენიისას, სპეცრაზმმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. epress.am-ის ინფორმაციით, დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა აქციის 237 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი