ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი: კარგია, რომ ამ დარტყმას, რომელიც დღეს მივიღეთ, მე და ჩემი მეუღლე გადავურჩით

28 იანვარი, 2020 • 1643
მაჩალიკაშვილი: კარგია, რომ ამ დარტყმას, რომელიც დღეს მივიღეთ, მე და ჩემი მეუღლე გადავურჩით

სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის დღევანდელი განცხადება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრთან” ერთად გამართულ პრესკონცერენციაზე მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ გამოძიება თემირლანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ფორმალურად მიმდინარეობდა. დღევანდელ განცხადებაში კი, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მისი შვილი ტერორიზმში:

“ეს სიბინძურე დღემდე გადავიტანეთ და ვუძლებთ. კარგია, რომ ამ დარტყმას, რომელიც დღეს მივიღეთ, მე და ჩემი მეუღლე გადავურჩით. საბოლოოდ, რასაც მპირდებოდა დღევანდელი სისხლიანი სისტემა, შეასრულა – თუ არ ვითანამშრომლებდი მათთან, საბოლოოდ შედეგს ასეთს დადებდნენ და იტყოდნენ, რომ თემირლანი ტერორისტი იყო, თუ  ვითანამშორმლებდი – ნაწილობრივ აღიარებდნენ, რომ თემირლანი არ იყო დამნაშავე” ,- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისი თქმით, პროკრუატურამ პროცესი განგებ გაწელა, რათა საზოგადოებაში მათთვის სასურველი აზრი შეექმნათ. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ორი წლის განმავლობაში ამაზე მუშაობს:

“ეს ყველაფერი იყო ფორმალობა. ამ ორი წლის განამვლობაში გამოძიება მიმდინარეობდა ფორმალურად, რომ გაეწელათ ეს საქმე  და საზოგადოებაში ეჭვები შეექმნათ. მე სულ არ მაინტერესებს მათი დღევანდელი განცხადება, რომ თემირლანს დაუმტკიცდა ტერორისტობა. ეს ჩემთვის ახალი ხილი არ არის. ისინი ორი წელია ამაზე მუშაობენ, ტროლებს და ბოტებს ხელფასებს უხდიან. მე მოველოდი, რომ ეს შედეგი დადგებოდა იმიტომ, რომ ამაზე იყო ჩემთან საუბარი”, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურის განცხადების იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურის თქმით, თემირლანის ოთახიდან ამოღებული ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილს რაიმე შენიშვნა არ გაუკეთებია და ის მის თვალწინ დაილუქა.

მისი თქმით, ხელყუმბარა მის სახლში სპეცოპერაციის დროს მიიტანეს:

“ხელყუმბარა არის შემოტანილი. მე როდესაც შეკითხვა დავუსვი, რა ხელყუმბარაზე იყო საუბარი, მიმანიშნეს, რომ შენგან მარცხნივ კუთხეში დევს ხელყუმბარაო. მთელი ლოგინი სისხლით იყო მოსვრილი, იქვე ეყარა ყურსასმენები და ტელეფონი სისხლით მოსვრილი, ხელყუმბარას კი ერთი წვეთი სისხლიც არ ჰქონდა, რის გამოც დავუსვი კითხვა –  რატომ გააკეთეთ ეს, რომ ხელყუმბარა მოიტანეთ და “ჩადეთ” თემირლანის საძინებელში. მე ხომ არ ვიცოდი, რომ თემირლანი მოკლული იყო?

მათ დაავიწყდათ, რომ ხელყუმბარა სისხლში ამოესვარათ. 2-3 საათის განმავობაში თემირლანიც მათ ხელში იყო და ხელყუმბარაც მათ ჰქონდათ და ყველაფერი გააკეთეს, რომ დეენემი და ანაბეჭდები გადაეტანათ ხელყუმბარაზე, მაგრამ ანაბეჭდების გადატანა ვერ შეძლეს. რომ მომიტანეს დალუქული ხელყუმბარა, მე ვუთხარი, მაგაზე ხელს არ მოვაწერ-მეთქი, რადგან დავინახე, ერთი წვეთი სისხლი არ იყო.  ცხადი იყო, რომ შემოტანილი იყო, მაგრამ თემირლანი მოკლული რომ იყო, ეს არ ვიცოდი” ,- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.


პროკურატურამ დღეს, 28 იანვარს თქვა, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა.

გამოძიებამ ვერ უპასუხა გარემოებებს, რაც სახელმწიფოს გადაცდომებზე მიუთითებდა – EMC

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი