ახალი ამბები

გამოძიებამ ვერ უპასუხა გარემოებებს, რაც სახელმწიფოს გადაცდომებზე მიუთითებდა – EMC

28 იანვარი, 2020 • 1238
გამოძიებამ ვერ უპასუხა გარემოებებს, რაც სახელმწიფოს გადაცდომებზე მიუთითებდა – EMC

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ფორმალურს უწოდებს გამოძიებას, რომელიც პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით ჩაატარა. საგამოძიებო უწყებამ კი დღეს, 28 იანვარს თქვა, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა.

როგორც EMC-ში აცხადებენ, პროკურატურამ უარი თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაზე, მიზეზად კი მისი გარდაცვალება დაასახელა. თუმცა პროკურატურამ მედიას უთხრა, რომ ამ საქმეზე არსებობდა მასალები, რაც ადასტურებდა, რომ გარდაცვლილმა მომსახურება გაუწია ტერორისტებსა და ტერორისტულ ორგანიზაციას.

“პროკურატურის მიერ მაჩალიკაშვილის სიკვდილზე გამოძიების დინამიკა და მასზე სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის აშკარა გავლენები ჩვენ იმთავითვე გვიჩენდა ღრმა ეჭვს, რომ გამოძიების პროცესი ფორმალური, მოჩვენებითი და არაეფექტიანი იყო. მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებსა და მათ უფლებადამცველებს პროკურატურის გამოძიების მიმართ ყოველგვარი ნდობა დაკარგული გვქონდა”, – აცხადებენ ორგანიზციაში.

EMC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო. მათი შეფასებით, გამოძიების პროცესში როგორც EMC-ს, ასევე მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველებს, არაერთი განცხადება ჰქონდათ დაყენებული სპეცრაზმის წევრებისა და სუს-ის სხვა თანამშრომლების გამოკითხვის შემდეგ გამოვლენილი არაერთი არსებითი შეუსაბამობისა და უზუსტობის გამო.

მაგალითად, დამოუკიდებელ ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ EMC-მ 24 იანვარს პროკურატურაში გააგზავნა განცხადება, რომლითაც სადავოს ხდიდა სპეცრაზმელების ჩვენებების სანდოობას და შესაბამისობას (მათ შორის, თემირლანის მიერ საკუთარ ლოგინში თითქოსდა ხელყუმბარის ქონისა და გამოყენების, სპეცრაზმელების მიერ ხელყუმბარის გადაადგილების და განადგურების საკითხებთან დაკავშირებით) და მათგან ხელახალ გამოკითხვასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვდნენ:

“აღნიშნული დასაბუთებული მიმართვების მიუხედავად, ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე, 1 დღეში, 25 იანვარს, პროკურატურამ ამ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო და გამოძიება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი და თვითნებურია, რამდენადაც გამოძიებამ ვერ უპასუხა არაერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არსებით გადაცდომებზე მიუთითებდა” ,- ამბობენ EMC-ში.

ორგანიზაციის მოსაზრებით, სიმპტომატურია, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ ორივე საქმეზე გადაწყვეტილება თანადროულად გამოაქვეყნა, რითაც, მათი თქმით, კიდევ ერთხელ გაამყარა ის პოლიტიკური ნარატივი, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტად გამოცხადებას და მის მიმართ ძალის გამოყენების გამართლებას ცდილობს.

EMC აღნიშნავს, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილს იმთავითვე არ მიანიჭა ბრალდებულის სტატუსი და ამ გზით მას თავის დაცვის შესაძლებლობა წაართვა:

“ამ პირობებში ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიებით პირდაპირ და არაპირდაპირ ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას და მის წინააღმდეგ ფრაგმენტული, კონტრავერსიული და არადამაჯერებლი მასალების გამოქვეყნებას. ოჯახის არაერთი თხოვნის მიუხედავად კი, პროკურატურამ აღნიშნული საქმის მასალებზე წვდომა არ მოგვცა” ,- ამბობენ ორგანიზაციაში.

EMC აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახორციელებს ზედამხედველობას და 31 მარტს საქართველოს მთავრობას საკუთარი პოზიციების გაგზავნა უწევს სასამართლოში, ამასთან, მთავარი პროკურორი ჯერ კიდევ არ არის დანიშნული, სტრატეგიულ საქმეზე გადაწყვეტილების ამ პირობებში მიღება გაუგებარი ჩანს:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბოლო თვეებში ხელისუფლების იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც არ აღიარებს და ღიად უგულებელყოფს იმ სოციალურ და პოლიტიკური უკმაყოფილებებს, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებობს, და ძალაუფლების დემონსტრირებით და ხისტი გადაწყვეტილებებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა, EMC  გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ფორმალურად გაასაჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავარ პროკურორს, ოჯახთან საჯაროდ მიცემული დაპირების გათვალისწინებით, გააცნონ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის მასალები, რაღა ორგანიზაციას მისი შეფასებისა და საზოგადოების ინფორმირების შესაძლებლობა მიეცეს. ასევე, გამოძიების შეწყვეტისა და მისი დასაბუთების შესახებ შეფასებას უახლოეს მომავალში წარადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკას EMC ასევე გაუზიარებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. ასევე, მოუწოდებს სახალხო დამცველს, შეისწავლოს მიღებული გადაწყვეტილება და საჯაროდ შეაფასოს პროკურატურის გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი