ახალი ამბები

პრეზიდენტის სიტყვა PACE-ში – სრულად

28 იანვარი, 2020 •
პრეზიდენტის სიტყვა PACE-ში – სრულად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე, მედიაგარემოზე და ა.შ. ასევე, რუსეთის ფედერაციაზე. გთავაზობთ პრეზიდენტის მოხსენებაას სრულად:


ჩემთვის პატივია დღეს თქვენ წინაშე გამოსვლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ პირველად გადაიბარა მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობა. ეს დიდი პასუხისმგებლობა და, ამავე დროს, კარგი შესაძლებლობაა. გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა დავით ზალკალიანმა წარმოგიდგინათ ჩვენი პრიორიტეტები: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; 4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. 

ეს პრიორიტეტები შეირჩა ჩვენი საზოგადოებების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე საფუძვლიანი დისკუსიის დაწყების მიზნით. იმედი მაქვს, შემდეგი 6 თვე გამოყენებული იქნება ჩვენი ერთობლივი მსჯელობისა და შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვრად. 

ბატონებო, 

სამოცდაათი წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა ევროპამ მთლიანად გაიაზრა მშვიდობის ფასი და ნგრევისა და სასოწარკვეთილებიდან გამოსასვლელად შექმნა ევროპის საბჭო, რათა „მიღწეულ იქნას წევრებს შორის მეტი ერთიანობა საერთო მემკვიდრეობის, იდეალებისა და პრინციპების შენარჩუნებისა და განხორციელებისთვის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის“. 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიღებით შეიქმნა ორგანიზაციის საფუძველი და წესები მისი წევრი ქვეყნებისთვის. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა გახდა ის სამი პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას.  

მე მჯერა, რომ ევროპის საბჭოს თითოეული წევრი უნდა ემორჩილებოდეს ამ ორგანიზაციის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენ ინდივიდუალურად და კოლექტიურად დავეთანხმეთ საერთო სტანდარტებსა და წესებს და, შესაბამისად, თანაბრად ვართ პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე, – იქნება ეს პატარა თუ დიდი ქვეყანა, ძველი თუ ახალი დემოკრატია, განვითარებული თუ განვითარების პროცესში მყოფი ეკონომიკა. იმისათვის, რათა ორგანიზაცია იყოს სანდო და ეფექტიანი, თანაბარი მიდგომები, ობიექტური შეფასებები და გადაწყვეტილებათა სამართლიანი განხორციელება უნდა იყოს სავალდებულო პირობა. 

პროგრესსა და განვითარებას მოჰყვება ახალი საკითხები და გამოწვევები, რომლებთან გამკლავებასაც ინდივიდუალურად ვცდილობთ. სინამდვილეში, გამოწვევები, რომლებიც გლობალური ხასიათისაა და საყოველთაო შინაარსის მატარებელია, ერთობლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ევროპის საბჭო ის ადგილია, სადაც ჩვენ ვიკრიბებით, ერთმანეთს გამოცდილებასა და ცოდნას ვუზიარებთ და თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ერთობლივ გამოსავალს ვპოულობთ. 

ევროპის საბჭო თანამედროვე საკითხებზე მუშაობს, აწესებს ახალ პრინციპებს, შეიმუშავებს კონვენციებს, რომლებიც შემდეგ ეროვნულ კანონმდებლობაში აისახება. ყველაზე რთული ნაბიჯი კი მათი განხორციელებაა. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. 

ბატონებო, 

შარშან საქართველომ ევროპის საბჭოში თავისი წევრობის 20 წლისთავი აღნიშნა. 11 წლით ადრე კი მან დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღეს რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია. დიდი გზა გავიარეთ. ევროპის საბჭოში გაწევრიანება ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაციის, ადამიანების გათავისუფლების, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის დასაწყისი იყო.  გზა, რომელიც პასუხობდა ჩვენი საზოგადოების თავისუფალ ნებას; არჩევანი, რომელიც არ შეცვლილა და დღემდე რჩება ჩვენი შთაგონების წყაროდ, უფრო და უფრო გვაახლოებს ევროპაში ინტეგრაციასთან. 

ისტორიისთვის ამ მოკლე დროში საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა. ის ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს. მთლიანობაში, ჩვენი ქვეყანა სტაბილური გარემოს მქონეა. მიუხედავად ყველაფრისა – გაყინული კონფლიქტებისა და ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად – საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენ შევძელით წევრობისთვის საჭირო რეფორმების გატარება, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი ცვლილებები მოსახლეობისთვის ხშირად მტკივნეული იყო. ჩვენ დიდი ძალისხმევით ვმოძრაობთ ერთადერთი მიმართულებით, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი ჩვენს მიღწევებზე მიუთითებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო სანდო პარტნიორია. ჩვენ ვიცით, რომ გზის დასასრულამდე არ მიგვიღწევია. იმისათვის, რომ რეფორმების ბოლო ტალღა განვახორციელოთ, საჭირო იქნება მეტი პოლიტიკური ნება. ბოლო მონაკვეთი ყველაზე რთულია, მაგრამ, ამავე დროს, დიდი ჯილდოც მოაქვს.

დღეს მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ ჩვენი მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები. 

ადამიანის უფლებები

2018 წელს მიღებული კონსტიტუცია ჩვენი დემოკრატიული განვითარების შემდგომ საფეხურს განსაზღვრავს. ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება ავიღეთ – ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს დაემატა ახალი – სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი უფლებები, და ეს საქართველოს თანამედროვე და პროგრესული ევროპული ქვეყნების გვერდით აყენებს.  

გარემოსდაცვითი უფლებები, კონკრეტულად კი – ეკოლოგიური ზიანისგან მოქალაქეების დაცვა ის პრიორიტეტია, რომელთან გამკლავებასაც ბევრი ქვეყანა ახლა სწავლობს. მჯერა, რომ ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზე. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ საქართველომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა აირჩია. ამ პრიორიტეტის განხორციელებას ჩვენ არა მარტო პრეზიდენტობის პერიოდში ვაპირებთ, არამედ შემდეგაც. 

ევროპის საბჭოში გაერთიანების შემდეგ საქართველო 89 კონვენციასა და პროტოკოლს მიუერთდა. მათ შორის მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო  ევროპული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ. 

საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა და მე, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი,  ამ მიდგომის საილუსტრაციოდ გამონაკლისს არ წარმოვადგენ. საქართველოს ქალები მრავალი საუკუნის წინ მართავდნენ. 1921 წლის კონსტიტუცია კი უკვე უზრუნველყოფდა ქალისა და მამაკაცის თანაბარ აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას. დამფუძნებელ კრებაში 5 ქალი მონაწილეობდა, მათ შორის იყო პირველი მუსლიმი ქალი. მე მაინც ვალდებული ვარ, არ დავკმაყოფილდე დღევანდელი მდგომარეობით – როდესაც მთავრობის ნახევარი და ორი ვიცე-პრემიერი ქალია – და მიმაჩნია, რომ მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ჩემი პირადი ვალდებულებაა, ხელი შევუწყო ქალისა და კაცის თანაბარ მოპყრობასა და შესაძლებლობებს საზოგადოების ყველა დონეზე, საქართველოს ყველა კუთხეში. სამწუხაროდ, ოჯახში თუ სხვაგან ქალების ძალადობისგან დაცვის საჭიროება ახალ გამოწვევად ჩამოყალიბდა. დიდმა სოციალურმა ცვლილებებმა, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს. სტამბოლის კონვენცია ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და, რაც მნიშვნელოვანია, მოძალადის პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს. მის უპირობო განხორციელებას ჩემს პასუხისმგებლობად მივიჩნევ.

2019 წელს საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო.  

ვამაყობ, რომ საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და შემოიღეს სექსუალური შევიწროების განსაზღვრება და ამ ქმედების აკრძალვა. მართალია, საზოგადოებას ერთგვარად უჭირს ამ პირობების აღიარება, მაგრამ უფრო მეტმა ადამიანმა გაიაზრა თავისი უფლებები, განსაკუთრებით – სამსახურში. 

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება მკაფიო ნიშნული გახდა ბავშვის დაცვის, მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო სისტემების გაძლიერების კუთხით. კოდექსით განისაზღვრა ბავშვის ჩართულობის გარანტიები მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ ეტაპზე სახელმწიფო შესაბამისი სისტემების ჩამოყალიბების პროცესშია.   

ახლახან შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებული ახალი კანონი  წინ გადადგმული ნაბიჯია. იგი ადგენს დაცვის მაღალ სტანდარტებს, აწესებს ეფექტიან სანქციებს, აფართოებს შრომის ინსპექტირების მანდატს და მიზნად ისახავს შრომის კულტურის შეცვლას. კანონი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს ასახავს. მთავრობა ახლა უკვე შრომის ინსპქტირების გაძლიერებაზე მუშაობს, რათა სათანადო სტანდარტების განხორციელება უზრუნველყოს. პრაქტიკაში მათი ზედმიწევნით განხორციელება დამოკიდებული იქნება ინსპექტირებისა და მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობაზე. 

ადამიანის უფლებებს მუდმივი დაცვა სჭირდება. აქ კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს. 

გასულ კვირას მონაწილეობა მივიღე ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმში, რომელიც იერუსალიმში ჩატარდა. ქართველი და ებრაელი ხალხები 26 საუკუნის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით,  რელიგიურ თუ ეროვნულ ნიადაგზე ყოველგვარი შევიწროების გარეშე ცხოვრობდნენ. ჩვენი მეგობრობის მაგალითით ორივე ერი ვამაყობთ. კონფლიქტებითა და დაძაბულობით სავსე დღევანდელ სამყაროში მშვიდობიანი თანაარსებობის ჩვენება უფრო ღირებულია და ყველასთვის საჭირო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ქართველებისა და ებრაელების ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მსოფლიო მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებას იმსახურებს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ იუნესკოში შესაბამისი წარდგინების მომზადებაზე. 

საქართველოში, საუკუნეების განმავლობაში, ბევრი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი ცხოვრობდა. თბილისსა და ქუთაისში უბნები გვაქვს, სადაც მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური გრიგორიანული ეკლესიები, სინაგოგა და მეჩეთი ერთმანეთის გვერდით დგას. თბილისის მეჩეთი ერთადერთია, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ. შემწყნარებლობის ეს ტრადიცია და თანაარსებობა დღემდე გრძელდება – უნდობლობისა და იზოლაციის გარეშე. 

მართალია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული კონსტიტუციური სტატუსი აქვს, მაგრამ ამავე დროს, სახელმწიფო აღიარებს სხვა რელიგიური ორგანიზაციების უფლებებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 11 კონფესიას აერთიანებს და უზრუნველყოფს მათ სამართლებრივ და ფინანსურ მხარდაჭერას. 

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მთლიანად აღიარებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა  წარმოშობის ადამიანების ენობრივ, კულტურულ და რელიგიურ იდენტობას და უზრუნველყოფს მათ დაცვას.   საუკუნეებია, ჩვენ ერთად ვვითარდებით და ეს მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია. ეროვნული უმცირესობები იმდენად შეუზღუდავად სარგებლობენ თავიანთი კულტურული, მშობლიური ენისა და ტრადიციების რეალიზების უფლებით, რომ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნული წარმოშობის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის მათ ინტეგრაციას. სახელმწიფო ცდილობს, მოაგვაროს ეს საკითხი, რათა უზრუნველყოს ამ ჯგუფების უკეთესი მონაწილეობა ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. 

ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა. ლგბტ საზოგადოების მიერ საჯარო გამოსვლების (პრაიდის) მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ეფუძნება როგორც რელიგიურ ტრადიციებს, ისე საბჭოთა პურიტანიზმის კვალს. ხლისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი  სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის. სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა. ისინი ეფექტიანად იცავენ უმცირესობებს ფიზიკური ძალადობისგან. 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია. მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება: თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს. კონტროლის მექანიზმისა და თვითრეგულირების არქონა კი, როგორც სხვაგან, საქართველოშიც ართულებს სოციალურ გარემოს. როგორც თავისუფალ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლება იქაც პასუხისმგებლობის შეგრძნების გარეშე ხორციელდება, იგი ხშირად ანონიმურია და ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დაძაბულობის მატებას უწყობს ხელს. 

დღეს მედია ორგანიზაციები და სოციალური მედია სრული თავისუფლებით სარგებლობს. თითქმის არც ერთი ორგანიზაცია არ დაჯარიმებულა სასამართლოს მიერ, ან არ გაუკრიტიკებია საზოგადოებას. ოპოზიციური არხის – „რუსთავი-2-ის“ საკუთრების დავა, რომელიც სასამართლოში იხილებოდა, წარმოდგენილ იქნა, როგორც ხელისუფლების მხრიდან არხის გაკონტროლების ან დახურვის მცდელობა. ამ დროს კი პირიქით მოხდა, – განხილვის პერიოდში საგადასახადო უწყებამ თავი შეიკავა დაგროვილი დავალიანების (23 მილიონი ლარის) ამოღებისგან. საქმე განიხილა როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ისე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ. 2019 წლის ივლისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2-ის“ მიმართ არც ერთი უფლება არ იყო დარღვეული, მათ შორის – არც სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის ერთ-ერთი  დადასტურება იყო. 

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ არხის ჩამორთმევად წარმოჩენილი გადაწყვეტილების მიმართ მრავალწლიანი პროტესტისა, სტრასბურგის სასამართლოს   გადაწყვეტილებით არხი ლეგიტიმურ მესაკუთრეს დაუბრუნდა. დრამატული პროგნოზებისგან განსხვავებით, არხის მესაკუთრის ცვლილებით არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა. „რუსთავი-2“ კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია. ამასობაში, მედიასივრცეს კიდევ რამდენიმე ახალი ოპოზიციური არხი დაემატა. დღევანდელი ქართული მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია. ცალსახაა, რომ დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან. 

მონიტორინგი

საქართველომ ადამიანის უფლებების მიმართ ერთიანი მიდგომა შეიმუშავა და 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები დაამტკიცა. ახლახან, სტრატეგიის განხორციელების პროცესი ევროკავშირისა და გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ავტორი „მიესალმება სხვადასხვა დონეზე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს სტრატეგიის თითქმის ყველა საკითხში“. 

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიღწევათა პრაქტიკაში განხორციელებისა და შედეგების მონიტორინგისთვის ზედმიწევნით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. განსაკუთრებული როლი აქ სახალხო დამცველს ენიჭება. ომბუდსმენი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და პარლამენტს წარუდგენს თავის ყოველწლიურ ანგარიშში. მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებული რეკომენდაციების რაოდენობა იზრდება, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. 

ახალი კონსტიტუცით, მონიტორინგის კუთხით პარლამენტს ზედამხედველობის გაფართოებული ფუნქცია მიენიჭა. ახალი რეგლამენტით შემოღებულ იქნა მონიტორინგის განხორციელებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების  გავრცელების ახალი მექანიზმები: მინისტრის საათი, თემატური კვლევა და ინტერპელაცია. ასევე, გაზრდილია ოპოზიციის როლი საზედამხედველო ფუნქციებში. 2019 წლის განმავლობაში პარლამენტმა ჩაატარა 13 მინისტრის საათი, შედგა 3 თემატური ჯგუფი და 4 ინტერპელაცია. 

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებას ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო სტატისტიკა ადასტურებს. ჩვენთან სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და არ დგება  სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი გასაჩივრების საჭიროება. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სარჩელების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა. ამავე დროს, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მაჩვენებლის ზრდა დასტურდება მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებით. აგრეთვე, სახელმწიფო წარმატებით ასრულებს დანაპირებს, ეროვნულ დონეზე მოაგვაროს სარჩელები. დღევანდელი მონაცემებით უკვე 128 საქმე მორიგებით ან მთავრობის გადაწყვეტილებით მოგვარდა. 

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დავების ალტერნატიული მოგვარების მექანიზმების შესამუშავებლად/დასახვეწად – მედიაცია და არბიტრაჟი ხელს შეუწყობს სასამართლო რეფორმას და დაგროვილი სარჩელების შემცირებას. 

მე რამდენჯერმე ვახსენე საქართველოს სარჩელები ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ორ სახელმწიფოთა შორის დავაზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. 

  • 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია –  ეს საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო. მაგრამ, დიდი პალატის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 2019 წლის 31 იანვარს დაეკისრა რუსეთს საქართველოს 1500 მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება. ამიტომ მინდა გავიმეორო ჩვენი ხელისუფლების მოწოდება ევროპის საბჭოსა და მის წევრების მიმართ, აქტიურად ჩაერთონ რუსეთის იძულებაში, რათა მან დაუყოვნებლივ შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება. ორმაგი სტანდარტი არა მარტო მიუღებელია, არამედ აზიანებს ორგანიზაციას და მის პრინციპებს.
  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი – ამ საქმის საბოლოო მოსმენა 2018 წლის მაისში ჩატარდა. ჩვენ კვლავ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც განსაკუთრებით ომის მსხვერპლები განიცდიან. მთელი ქართველი საზოგადოება ელოდება სამართლიანობის მიღწევას. ეს მაგალითი იქნება სხვებისთვისაც. სტანდარტები ყველასთვის ერთნაირია. სამართალი უნდა აღსრულდეს.

სასამართლო

მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. საქართველომ სასამართლო რეფორმის სამი ეტაპი უკვე განახორციელა. ახლა პარლამენტი რეფორმის „მეოთხე ტალღაზე“ მუშაობს. ეს ეტაპი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: 

  • მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის მექანიზმების სრულყოფა: პასუხისმგებლობის ფორმები, პროცესის მიმდინარეობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სააგენტოს გაძლიერება; 
  • დაგროვილი საქმეების შემცირება;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცედურების დახვეწა (მოსამართლეთა წარდგენისა და შერჩევის კრიტერიუმები, გამჭვირვალობა).

შესაბამისი ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე იქნება განხილული. 

2019 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა შეცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის წესი, რათა უზრუნველეყო კანდიდატების გამჭვირვალე და პროფესიული შეფასება. პარლამენტმა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული 5 რეკომენდაციიდან ოთხი გაითვალისწინა. შერჩევის პროცესი დადებითად შეაფასა ყველა დაინტერესებულმა მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. გასაუბრებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პარლამენტმა, ასევე, გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და სრულად არ შეავსო უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. დაინიშნა მხოლოდ 14 წევრი (აქედან უზენაესი სასამართლოს 2 მოქმედი მოსამართლეა). პროცესს შემდეგი პარლამენტი დაასრულებს. დღევანდელი მდგომარეობით, 22 წევრიდან 9 ქალი მოსამართლეა (40%). კრიტიკა გამოითქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოყენებული კრიტერიუმების მიმართ, რაც მომავალში უნდა გამოსწორდეს. 

სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა არ ცხრება, – ზოგი სამართლიანი, ზოგი კი – პოლიტიკურად მოტივირებული. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო შეფასებებით უფრო დადებითი სურათი იკვეთება: 

  • „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ საქართველოს ევროპულ სასამართლოებს შორის მე-18 აგილი მიანიჭა; 
  • კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა; 
  • „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველომ საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილი, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით – მე-13 პოზიცია დაიკავა.

ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის – Ipsos-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ისევე ენდობა ქართულ სასამართლოს, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოქალაქეები –  საკუთარი ქვეყნების სასამართლოებს, და ეს ნდობა 51%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს ციფრები თავად მეტყველებს ყველაფერზე!

არჩევნები

გზა დემოკრატიისკენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადის. ეუთო/ოდირმა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციები წარმოადგინა.  საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი 2019 წლის ზაფხულიდან აქტიურად მუშაობს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე.  ამ ჯგუფში არა მარტო საპარლამენტო პარტიები, არამედ კვალიფიციური პოლიტიკური ჯგუფებიც მონაწილეობენ. 

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის საქართველომ გააუმჯობესა პირობები და ყოველი შემდეგი არჩევნები იყო უკეთესი. მოსახლეობის ნდობის მისაღებად  და არჩევნებში  ამომრჩეველთა მონაწილეობის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მიდინარე მუშაობის შედეგად გაუმჯობესდება კოდექსი და  გაიზრდება შესაბამისი სტანდარტები.

სინამდვილეში, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ზოგადად, ყველაზე დიდ საფთხეს სწორედ პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაცია უქმნის. იგი ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები – ორგანიზმზე. ეს დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის და არც საქართველოა გამონაკლისი. 

განსხვავებული აზრის მიუღებლობა, აგრესია და სიძულვილის ენა ყოფს ჩვენს საზოგადოებებს, აღვივებს უნდობლობას. ცრუ ინფორმაციასთან (fake news) და დეზინფორმაციასთან ერთად, პოლარიზაცია გარე გავლენებისთვის სასურველ ნიადაგს ქმნის საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდეგაც.  მოსახლეობას უჭირს საერთო საკითხების გარშემო გაერთიანება. ამ დროს, ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომელზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი გვჭირდება, – საქართველოს ოკუპაციის დასრულება, დამოუკიდებლობის გაძლიერება და ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ მიზნებს, რომლებიც გამაერთიანებელ პლატფორმად გამოდგება. 

ჩემი იმედი და მიზანია, ქართველმა საზოგადოებამ მეტი ძალისხმევა მოახმაროს შერიგებას და საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანებას. მე მონდომებით ვერიდები პოლარიზაციაში ჩათრევას და მჯერა, რომ მხოლოდ ღირებულებებისა და პრიორიტეტების გარშემო მიღწეული თანხმობით  საქართველო შეძლებს, გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება, გააძლიეროს თავისი დამოუკიდებლობა და დაასრულოს ოკუპაცია. გახლეჩილი ქვეყანა ამ გამოწვევებს წარმატებით ვერ დაძლევს. 

ბატონებო, 

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თითქმის 12 წელი გავიდა და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია.  

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა და მუდმივად უარესდება. საოკუპაციო ხაზი მუდმივად იცვლება, ხოლო გამშვები პუნქტები ხშირად დაკეტილია, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას გადაადგილების უფლებას უზღუდავს. ცხინვალის გამშვები პუნქტი სექტემბრიდან დახურულია, რაც ხშირად ადამიანური ტრაგედიით სრულდება, – მაგალითად, ასეთი ტრაგედია იყო მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება. ის არ გამოატარეს საქართველოს ტერიტორიაზე, რათა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მიეღო. 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს მოქალაქეებს მუდმივად ეზღუდებათ უფლებები – ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობა; იკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება- როგორც ქართულად, ისე – აფხაზურად და ოსურად; მიმდინარეობს რუსიფიკაცია. ასევე, გრძელდება ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია გალის ტერიტორიაზე, სადაც იგი უმცირესობაშია. 

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლები გაყოფილია; ხშირია მოქალაქეების გატაცება, „გამოსასყიდის“ მოთხოვნა, წამების შემთხვევები და მკვლელობებიც კი არარსებული „საზღვრის“ გადაკვეთისთვის, რომელიც ხან ეზოს, ხან – სოფელს, ხან კი -სასაფლაოებს ყოფს. ბოლო ინციდენტი ცხინვალის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება იყო. იგი ადგილობრივი პაციენტის დასახმარებლად გადავიდა. ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ პრინციპებს და ქმნის საფუძველს შემდგომი ესკალაციისთვის. მინდა გამოვიყენო დღევანდელი შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელმაც დიდ ძალისხმევა ჩადო ექიმ გაფრინდაშვილის ორთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებაში. 

აღსანიშნავია, რომ ადგილზე ვითარების მონიტორინგი შეზღუდულია, ვინაიდან რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიას არ უშვებს. ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა. 

გასული წლის ზაფხულში საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა –  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. დარღვევები შეეხება კონვენციის შვიდ მუხლს და 1 და 4 პროტოკოლების სამ მუხლს. 

ჩვენი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გახლავთ ჩვენი მიზნის დემონსტრირება – გავაუმჯობესოთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ ხელს ვუწყობთ ნდობის აღდგენას გაყოფილ საზოგადოებებს შორის, მაგრამ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, ჩვენს ცალმხრივ უარს ძალის გამოყენებაზე სამაგიერო რეაგირება არ მოჰყოლია. პირიქით, ჩვენ პასუხს ვიღებთ ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციით, მუქარითა და ინციდენტებით.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმებით ტექნიკური საკითხების მოგვარება იშვიათად მიიღწევა. როგორც კი მნიშვნელოვანი საკითხი დგება, რუსული მხარე ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას. დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი ფორმატი ვერ არის დამაიმედებელი. ორივე დიალოგი უნდა გამოცოცოხლდეს,  აიწიოს პოლიტიკური დონე, რათა ისინი კონფლიქტის მართვის კი არა, მისი მოგვარების მექანიზმად ჩამოყალიბდეს. 

მჯერა, რომ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ თანხმობას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას. გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულია მრავალი რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითია. მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება! 

ჩვენ გვჭირდება ყველას ჩართულობა და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კონფლიქტის მოგვარების გზა ვიპოვოთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და უზრუნველვყოთ თავისუფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 

ჩემი არჩევის დღიდან მე აქტიურად ვმუშაობ იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჩვენი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე ავიყვანო. 

მოვუწოდებთ  ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განსაკუთრებით – დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რათა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების, უფრო სწორად – ადამიანების გაერთიანებისკენ. 

საოკუპაციო ხაზი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია. ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი და მისწრაფება რიგით მოქალაქეების კეთილიდღეობა და უსაფრთხოებაა. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ. 

ბატონებო, 

საუკუნეების განმავლობაში საქართველო წარმოადგენდა ევროპის აღმოსავლეთ საზღვარს, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს – აზიასა და  ევროპას აკავშირებდა. საუკუნეების განმავლობაში საქართველო იზიარებდა და იცავდა თავისუფლებისა და შემწყნარებლობის იმავე ღირებულებებს, რომელიც ამ ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს. 

დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი წილი დაძაბულობა, კონფლიქტი, ომი გადაიტანა; დაიძაბა მდგომარეობა ჩვენს რეგიონში; გლობალურმა გამოწვევებმა ჩვენამდეც მოაღწიეს. ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, რეფორმების პროცესშია და პროგრესი უნდა გვაჩვენოს, – უნდა გაგვიკვირდეს ის, თუ რამდენს მიაღწია მან ამ პირობებში. გასაოცარია ამ პატარა ქვეყნის მდგრადობა; გასაოცარია დემოკრატიის ის დონე, რაც 70- წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ იქნა მიღწეული; გასაოცარია მისი შესაძლებლობა – ოკუპაციის მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა; გასაოცარია მისი სწრაფვა დემოკრატიისკენ და ევროპული ღირებულებების დაცვა. საქართველოში ვერ დამკვიდრდა ექსტრემიზმი. გარე მტრებმა იზოლაციაში ვერ მოგვაქციეს. 

21-ე საუკუნემ წარმოაჩინა ახალი გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება. ესენია: კლიმატის ცვლილება, ხანდაზმული მოსახლეობა, მიგრაცია, ციფრული რევოლუცია და პოპულიზმი/პოლარიზაცია. 

გამოწვევების დასაძლევად ჩვენ ყველა მრავალმხრივ ფორმატში უნდა გავერთიანდეთ. მთელი ძალისხმევით უნდა განვსაზღვროთ, რა არის გასაკეთებელი. უნდა დავდოთ პირობა, რომ მხოლოდ დიალოგით გადავწყვეტთ მათი გადაჭრის გზებს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება და ქმედება დაეფუძნოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. 

თითოეული ჩვენგანის მიზანდასახულობა გააძლიერებს ევროპის საბჭოს, ეფექტიანს გახდის მის ინსტიტუტებს და წარმატებას მოუტანს მის წევრებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი