ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზების უარი კრემლის ახალ შეთავაზებაზე

29 ივნისი, 2015 •
აფხაზების უარი კრემლის ახალ შეთავაზებაზე

ამ შემთხვევაში სომხეთს არ ვგულისხმობ, სადაც, ჩემი აზრით, არსებული ვითარება უმეტესწილად შიდა პოლიტიკური კრიზისითა და ეკონომიკური პრობლემებითაა განპირობებული. თუმცა, თუკი რუსული ტელეარხები კვლავაც გააგრძელებენ “პროფესიონალურ საქმიანობას”, მაშინ შეიძლება რეალობად იქცეს სრულფასოვანი “ელექტრომაიდანი”, ანტირუსული ლოზუნგებით. მე ახლა აფხაზეთზე ვსაუბრობ, რომელმაც ისეთი “წინადადება მიიღო, რაზეც უარის თქმაც არ შეიძლება”, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე გამონახა საკუთარ თავში ძალა, რომ უარი ეთქვა.

 

ჩემი წინა სტატია ნეტგაზეთში ასე დავასრულე: ”ის ფაქტი, რომ ფული განვითარებისთვის რესპუბლიკას არა და არ მიუღია, მიუთითებს მკაცრ პირობებზე, რასაც რუსეთი სვამს რაულ ხაჯიმბას წინაშე სხვადასხვა საკითხზე. რახან ჯერ ფული არ არის, ის ეწინააღმდეგება. დღეს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, კონკრეტულად რაში მოუხდება აფხაზეთს დათმობა”.

 

ერთი თვე გავიდა და ანალიტიკოსებს ვარაუდები აღარ ჭირდებათ. აფხაზეთის პარლამენეტის სკანდალურ სხდომაზე, რომელიც გასულ ოთხშაბათს გაიმართა, კედელთან მიყენებულმა პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ (რომელსაც დეპუტატები ეკითხებოდნენ – სად არის ფული?) ღიად განაცხადა, თუ რას ითხოვს რუსეთი ფინანსური დახმარების სანაცვლოდ: ხელი მოაწეროს შინაგან საქმეთა ორგანოს რუსულ-აფხაზური საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას.

 

აფხაზები ამ საკითხში დათმობაზე არ წავიდნენ. დებატების შემდეგ დეპუტატებმა თითქმის ერთხმად მისცეს ხმა ამ შეთანხმების რუსული პროექტის წინააღმდეგ. “მომხრედ” მხოლოდ ერთი დეპუტატი – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა გამოვიდა, რაც შოკისმომგვრელი გახდა ბევრისთვის აფხაზეთში.

 

მოსკოვის შეთავაზებაა – შეიქმნას სტრუქტურა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დანიშული უფროსი უხელმძღვანელებს და ვისაც აფხაზეთში, რაც მოუნდება, ფაქტობრივად, ყველაფრის კეთება შეეძლება. ცხადია, ეს პირდაპირ ასე არ წერია პროექტში, გათვალისწინებულია ცენტრის რუსი თანამშრომლების აღჭურვა დიპლომატიური იმუნიტეტით, რომლებსაც ვერც ადმინისტრაციულ და ვერც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებ. აქედან გამომდინარე, ჩემი ზემოთ აღნიშნული ფორმულირება უფრო ახლოსაა რუსეთის მიერ სასურველ რეალობასთან, ვიდრე – უფრო თავშეკავებული აფხაზი დეპუტატების განცხადებები.

სოხუმი, მთავრობის სახლი
სოხუმი, მთავრობის სახლი

 

რუსეთს სურს, რომ მის ძალოვნებს შეეძლოთ აფხაზეთში განახორციელონ დაკავებები და პირადი ჩხრეკა, გამოიყენონ იარაღი და სპეციალური საშუალებები, აწარმოონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა (დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი საფუძვლით). პროექტით გათვალისწინებულია სატელეფონო საუბრების მოსმენები, საფოსტო გზავნილების კონტროლი, ოპერატიული დანერგვა და ა.შ.

 

ანუ წარმოდგენილი პროექტით, ყველაფერი, რასაც ახლა აფხაზეთის შსს აკეთებს, უნდა გააკეთონ რუსებმა, თანაც მათივე ხელშეუხებლობის სტატუსით.

 

უფრო მეტიც, რუს ძალოვნებს სურთ მიიღონ უფლება, რომ დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერ სახელწმიფო დაწესებულებაში. ამასთან, ცენტრის ტერიტორიაზე აფხაზებს შეუძლიათ შევიდნენ მხოლოდ რუსი უფროსის ნებართვით. ცენტრის დოკუმენტების ბრუნვა და მონაცემთა ბაზები, ცხადია, დახურული უნდა იყოს.

 

ამას გარდა, რუსებს რატომღაც ძალიან სურთ აფხაზეთში სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება. ერთ-ერთმა აფხაზმა ბლოგერმა ივარაუდა, რომ პირველ შეკითხვებს შორის შეიძლება იყოს ასეთი: თუკი უახლოეს კვირა დღეს ჩატარდება რეფერნდუმი რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესახებ, როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება?

 

ალბათ, ეს არის ის “რუსული სამყარო”, რომელზეც ასე ოცნებობს კრემლის სტრატეგი ვლადისლავ სურკოვი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეს კურირებს (მის სახელს დღეს აფხაზეთში ყველა ბრუნვაში ატრიალებენ) – ყოვლისშემძლე ძალოვანები და მორჩილი მოსახლეობა. გაუგებარია, სინამდვილეში რისი იმედი ჰქონდა სურკოვს, როცა ასეთი წინადადება წაუყენა აფხაზებს?

 

გასაგებია, რომ სოხუმში ვერ ხედავენ რუსეთის ვერავითარ ალტერნატივას და აფხაზეთის “ჩრდილოელ მეზობელზე” დამოკიდებულება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე – სომხეთში შემთხვევაში. თუმცა იმის იმედად ყოფნა, რომ აფხაზი დეპუტატები მორჩილად მიცემდნენ ხმას, რომ უარი ეთქვათ თავის, თუნდაც შეზღუდულ დამოუკიდებლობაზე, შეუძლიათ მხოლოდ მათ, რომლებსაც საერთოდ არაფარეი ესმით აფხაზური პოლიტიკის.

 

პირადად მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ოსი დეპუტატებიც კი მორჩილად მიიღებენ ანალოგიურ შეთანხმებას, იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთის პარლამენტში უმრავლესობა აქვს პარტიას, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მომხრეა.

 

ამის სხვადასხვანაირი ახსნა შეიძლება იყოს. პროცესების უმრავლესობის დახურულობის გათვალისწინებით, რაიმეს თქმა, ალბათ, რთულია. შეიძლება სურკოვს რაღაცისთვის ჭირდება “კონტროლირებადი კრიზისი” აფხაზეთში. მაგრამ მე უფრო არაკომპეტენტურობას დავაბრალებდი, ქედმაღლობას და საკუთარ თავში დარწმუნებლობას – ეს არის კრემლის პოლიტიკის “ქვაკუთხედი”, რომელიც მუდმივად იჩენს თავს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ მომენტში, როცა სომხეთში ქუჩაში დგას საკუთარი ხელისუფლებით და რუსული კომპანია” ინტერ რაო იესით” უკმაყოფილო ათსობით ადამიანი. ამავდროულად, რუსეთი ელექტროენერგიას აძვირებს სამხრეთ ოსეთში.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი