ახალი ამბები

“მომინდომეს მანჰეტენი” – აქცია ვერეს ხეობაში პარკის გაშენების მოთხოვნით [ფოტო]

28 ივნისი, 2015 • 1283
“მომინდომეს მანჰეტენი” – აქცია ვერეს ხეობაში პარკის გაშენების მოთხოვნით [ფოტო]

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ სტიქიის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში არ არსებობს პარკები, ვერეს ხეობაში საუკეთესო გამოსავალი იქნება თბილისის ცენტრალური სარეკრეაციო ზონის გაშენება. მათი თქმით, ეს სარეკრეაციო ზონა ზოოპარკის, იპოდრომისა და მზიურის ტერიტორებს გააერთიანებს.

 

საკრებულოსთან შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ აქცია ორგანიზებულია რიგითი მოქალაქეების მიერ და მათ არ აქვთ კავშირი რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან. ისინი სურვილს გამოთქვამენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებული სპეკულაციები დამთავრდეს და იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პარკის მშენებლობის თაობაზე.

 

“პარტიზანმა მებაღეებმა” დედაქალაქის მერის სახელზე ცენტრალური პარკის გაშენების მოთხოვნით პეტიციაც დაწერეს. ამავე მოთხოვნით პეტიცია სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” წარმომადგენებმა ინტერნეტშიც გაავრცელეს, რომელსაც ამ დროისთვის 20 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

 

პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელი, ნატა ფერაძე ამბობს, რომ საზოგადოების გააქტიურება ერთადერთია, რამაც შეიძლება შედეგი გამოიღოს.

 

“საზოგადოება თუ იქნება პასიური, ჩვენ იქ მივიღებთ იმ ბოდვას, რომელიც გამოაცხადეს რამდენიმე დღის წინ. ინტერნეტში 8 ათასი ადამიანი იყო აქციაზე მომსვლელი და მაქსიმუმ ათასი ადამიანი მოვიდა. ამ პასიურობას ქალაქი არ გვაპატიებს. ნახევარი საათი ვერ გამონახეს და არ მოვიდნენ პეტიციაზე ხელის მოსაწერად. ცოტა სასოწარკვეთაში მაგდებს ეს: ფეისბუკით აქტიურობა და რეალურად მათი ასეთი პასიურობა,”- ამბობს ნატა ფერაძე.

 

პარტიზანი მებაღე ვარაუდობს, რომ მერიას უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება ვერეს ტერიტორიაზე “მანჰეტენის” მშენებლობასთან დაკავშირებით. ფერაძის თქმით, ერთადერთი გავლენა ხელისუფლების განზრახვის შესაცვლელად კრიტიკული მასის დანახებაა:

 

“დედაქალაქის მერიას ტენდენციაზე ეტყობა, რას უფრო ითვალისწინებს და ეს არც დამალა უკვე ნარმანიამ – თუკი გაკეთდება კვლევა და ეს არის უხიფათოო. მაგრამ ცოტა შელამაზებულად ამბობს: აშენდება პარკი და გვერდზე ბიზნესცენტრები. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი უკვე დიდი ხნის შეთანხმებულია, ყველას ნანახი აქვს ეს პროექტი და ჩემი ვარაუდით, ეს არის უკვე გადაწყვეტილი საქმე. ერთადერთი გადამწყვეტი რამ არის ის, რომ ამომრჩეველმა უთხრას – არა. ძალიან ხმამაღლა თუ არ ვეტყვით ამას და ასე 500 კაცი ვიყვირებთ, უმრავლესობაში გამოვლენ ისინი. ახლანდელი პასიურობა არის მართლა ქვეყნის ღალატი.”

 

როგორც ნატა ფერაძე ამბობს, პარტიზანი მებაღეები სამომავლოდაც აპირებენ ამ მოთხოვნით აქციების გამართვას.

 

“სულ რომ დავრჩეთ 5 კაცი, მაინც გავაგრძელებთ ამის გაპროტესტებას, როგორც შევძლებთ. უბრალოდ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ამით შევძლებთ ცოტა უფრო მეტი ადამიანის გამოფხიზლებას. ზაფხულია, არ ცივა და კრიტიკული მასის დანახება არის ერთადერთი, რამაც შეიძლება იქონიოს რეალური გავლენა მათზე,” – აცხადებს ფერაძე.


დღევანდელი აქცია Facebook-ზე ორი დღის წინ დაიგეგმა. ღონისძიებაზე 33 ათასზე მეტი ადამიანი იყო მიწვეული, საიდანაც აქციაზე მისვლის სურვილი (going) 8 ათასზე მეტმა გამოთქვა. მიუხედავად ამისა, საკრებულოსთან დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანი გამოვიდა. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზუკა მახარაშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ “ფეისბუკზე” დაგეგმილი აქციები სათანადოდ არ შუქდება და ღონისძიებაც სულ ორი დღის დაგეგმილი იყო:


“თუმცა, მე ვისთანაც მქონდა შეხება, ყველას უნდა იმ ტერიტორიაზე ცენტრალური ტყე-პარკის გაშენება. სამწუხაროდ, ერთი რამ გვაკლია ყველას – გამოვიდეთ და ჩვენი სურვილი ვთქვათ. ზოგს რცხვენია, ზოგს ერიდება, შეიძლება ეზარებათ კიდეც. ეს ალბათ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს – სულ აქციებია და ხალხს მობეზრდა. ჩვენი სულისკვეთება იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უარით გავისტუმროთ. იყო მათგან მხარდაჭერები, შემოთავაზებები, დაფინანსებები, მაგრამ ჩვენ გვინდა იყოს სუფთა სამოქალაქო აქცია. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და ალბათ უფრო კარგად დამთავრდება ყველაფერი.”


პროექტზე “მანჰეტენი” ამჟამად საქართველოს ბიზნეს-პალატა და სამშენებლო ასოციაციები მუშაობენ. იგეგმება საცხოვრებელი კორპუსების, რეკრეაციული ზონის და ბიზნეს-თაუერის აშენება. დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გუშინ განაცხადა, რომ თუ ხეობა იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო, შესაძლოა განვითარდეს ბიზნესცენტრები.


13 ივნისს, თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 19 ადამიანი  იმსხვერპლა, დაკარგულად ითვლება სამი ადამიანი. სტიქიამ გაანადგურა თბილისის ზოოპარკის დიდი ნაწილი და მისი ბინადრები. მთავრობის განცხადებით სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აღწევს.

 

მოქალაქეებმა ვერეს ხეობაში პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია გამართეს თბილისის საკრებულოსთან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი, 28/06/2015
მოქალაქეებმა ვერეს ხეობაში პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია გამართეს თბილისის საკრებულოსთან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი, 28/06/2015

მასალების გადაბეჭდვის წესი