ახალი ამბები

ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილებზე: „უნდა განიხილებოდეს დიალოგის რეჟიმში“

27 იანვარი, 2020 •
ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილებზე: „უნდა განიხილებოდეს დიალოგის რეჟიმში“

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი გაუგებრობა, რაც ამერიკელ კონგრესმენებსა და საქართველოს მთავრობას შორის შეიძლება არსებობდეს, არა წერილებით, არამედ პირისპირ დიალოგის მეშვეობით უნდა განიხილებოდეს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობას რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წერილებს 27 იანვარს გამოეხმაურა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნისას, რისთვისაც აშშ-მა 4.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

„ნებისმიერი კითხვა, საკითხი თუ გაუგებრობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებსა და ჩვენ შორის, უნდა იქნეს განხილული არა წერილების, არამედ პირისპირ დიალოგის მეშვეობით. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ამ საკითხის ზედმეტი დრამატიზება არანაირად არ შედის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ნებისმიერი კითხვა ან წუხილი, თუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს, ეს უნდა იყოს განხილული დიალოგის რეჟიმში“, – კიდევ ერთხელ განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „დამოკიდებულება და შეფასებები, რასაც პოლიტიკური ოპონენტებისგან ვისმენთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მთავარი საზრუნავი არ არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესები“ და ოპონენტების კრიტიკას უწოდა „მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამოხატულება“.

„პასუხი ამ ყველაფერზე არის დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე არის ამერიკის მთავრობის ქმედებით საქმით გამოხატულება ჩვენი ხალხის, ჩვენი ხალხის მიმართ. დანარჩენი, თუ რამე კითხვა არსებობს პოლიტიკოსებს შორის, ბუნებრივი პროცესია და ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ“, – თქვა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამ პროცესში „დიდ სირთულეს“ ვერ ხედავს.


თავდაპირველად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ – მისწერეს და შეშფოთება გამოთქვეს პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდების გამო.

შემდეგ იყო რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის წერილი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და ისაუბრა „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის (FDI) გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატსა“ და „გაუარესებულ დემოკრატიაზე“, ასევე, ამ კონტექსტში ახსენა კომპანია „ფრონტერა“.

კიდევ ერთ წერილს. ადამ კინზინგერთან და ჯერალდ კონოლისთან ერთად, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაული და დემოკრატი ელიოტ ენჯელი აწერენ ხელს. კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდებისა და ანაკლიის პორტის შეფერხების გამო.

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ამერიკული კომპანიებისთვის პრობლემების შექმნაზე საუბრობს გიორგი გახარიასადმი საკუთარ წერილში რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინიც და საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ სანქციებისადმი მოწოდებები იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი