ახალი ამბები

აშშ-მა სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრისთვის $4,5 მლნ გამოყო

27 იანვარი, 2020 •
აშშ-მა სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრისთვის $4,5 მლნ გამოყო

წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრისთვის აშშ-ის მთავრობამ 4,5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, 1 მილიონი კი ცენტრის აღჭურვისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართველი სამხედროების გარდა, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ აღნიშნულ ცენტრში თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო მომსახურება მიიღონ.

“ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ჩვენი სამხედროები ამაყად თავაწეულები იბრძვიან ამერიკელ სამხედროებთან ერთად ავღანეთში. სამწუხაროდ, მშვიდობისა და ქვეყნისთვის ბრძოლას ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს. ქედს ვიხრით ყველა იმ გმირის წინაშე, ვინც სამშობლოს დამოუკდიებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში დაიღუპა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

მისი თქმით, ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვის უწყება დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვისთვის ყველაფერს გააკეთებს. თავდაცვის მინისტრის თქმით, დაჭრილ-დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები შეძლებენ როგორც რეაბილიტაციას, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებებისთვის მომზადებას.

“აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ერთგულება საქართველოსა და დაშავებულ მებრძოლთა პროგრამის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა, თავის მხრივ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი