საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენები, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ გახარიას კრიტიკული წერილები მისწერეს, ორ ნაწილად იყოფიან: „ფრონტერას“ მხარდამჭერებად და „საქართველოს მეგობრობის ჯგუფის“ წევრებად.
მისი თქმითვე, პირველი ჯგუფის მიერ გამოყენებული ტონი გიორგი გახარიას მისამართით „აბსოლუტურად მიუღებელია“, მეორე ჯგუფი კი „შეცდომაშია შეყვანილი“ და „ფაქტობრივი უზუსტობები“ უწერიათ.
„აბსოლუტურად მიუღებელი ტონი“
რამდენიმე ამერიკელმა კონგრესმენმა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობას რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერა.
ბაქრაძის თანახმად, ერთ მხარეს არის წერილები, რომლებიც ეკუთვნით იმ კონგრესმენებს, რომლებიც მხარს უჭერენ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივ დავაში;
ბაქრაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ის ტონი, რომლითაც ფრონტერას მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი“.
ელჩმა განაცხადა, რომ „ფრონტერას“ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას წლების განმავლობაში აქვს გამოცდილება მის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის თვალსაზრისით:
„ფრონტერას წარმომავლობის ადგილი არის ტეხასი და ოკლაჰომა, შესაბამისად, ამ კონგრესმენებს აქვთ თავიანთი ინტერესი, რომ მხარი დაუჭირონ კომპანიას, რომელიც არის სამართლებრივ დავაში საქართველოს სახელმწიფოსთან. ამ კონტექსტში ჩვენ ვნახეთ არაერთი წერილი, რეზოლუციის პროექტი, მათ შორის საკანონმდებლო აქტის პროექტიც კი იყო ორჯერ წარდგენილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც, რასაკვირველია, აშშ-ის კონგრესში არ მოჰყოლია განვითარება“, – თქვა ბაქრაძემ.
„შეცდომაში არიან შეყვანილები“
რაც შეეხება, ბაქრაძის კლასიფიკაციით, დანარჩენი კონგრესმენების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმდჯომარეებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების წერილებს, ბაქრაძე ამბობს, რომ მათში ფაქტობრივი უზუსტობები იყო, რადგან მათ „არაზუსტი ინფორმაცია“ მიაწოდეს.
ბაქრაძემ თქვა, რომ წერილებში არის „თვლადი კრიტერიუმებითაც დანახული უზუსტობები“, მაგალითად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და ინვესტიციების რაოდენობაზე. ბაქრაძემ ასევე თქვა, რომ უზუსტობა იყო კითხვები „საქართველოს ანტიდასავლურ კურსთან“ დაკავშირებითაც.
„ამ საკითხებთან დაკავშირებით ის ხალხი, ვინც ინფორმაციას აწვდის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ძალიან უხერხულობაში აყენებენ მათ, რადგან მათ გარკვეულ არაზუსტ ინფორმაციაზე აწერენ ხელს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„თუმცა ჩვენ ამ მხრივ გახსნილობის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს [კომუნიკაცია] და, რასაკვირველია, როგორც სამუშაო დონეზე, ისე კომიტეტის წევრების დონეზე, თავმჯდომარეების დონეზე, სრულად და ზუსტ ინფორმაციას დავანახებთ იმ უზუსტობებს, რაც ამ წერილში იყო“, – დასძინა ელჩმა.
თავდაპირველად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ – მისწერეს და შეშფოთება გამოთქვეს პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდების გამო.
შემდეგ იყო რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის წერილი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და ისაუბრა „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის (FDI) გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატსა“ და „გაუარესებულ დემოკრატიაზე“. ამ კონტექსტში ახსენა მან კომპანია „ფრონტერა“.
კიდევ ერთ წერილს, ადამ კინზინგერთან და ჯერალდ კონოლისთან ერთად, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაული და დემოკრატი ელიოტ ენჯელი აწერენ ხელს. კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდებისა და ანაკლიის პორტის შეფერხების გამო.
საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ამერიკული კომპანიებისთვის პრობლემების შექმნაზე საუბრობს გიორგი გახარიასადმი საკუთარ წერილში რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინიც და საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ სანქციებისადმი მოწოდებები იზრდება. „ფრონტერას“ ბაბინიც ახსენებს.
„ფრონტერა“ ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც წლების განმავობაში ფუნქციონირებდა საქართველოში, კახეთში. ამჟამად კომპანიის 84 დასაქმებული 11 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, კომპანიამ გაათავისუფლა.
სახელმწიფო, კერძოდ კი ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ფლობს ამ კომპანიის — „ფრონტერას“ [შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“] — 50%-იან წილს, თუმცა აცხადებს, რომ მის საქმიანობაში ვერ ერევა და არც შესაძლო დარღვევების აღმოფხვრის შესაძლებლობა აქვს. პარალელურად, „ფრონტერა“ და სახელმწიფო — ნავთობისა და გაზის კორპორაცია — ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებიან ერთმანეთს.
ნახეთ დავის დეტალები:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/246134/