ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს, 12:00 საათზე გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ირაკლი შოთაძის მიერ სხვადასხვა დროს დაზარალებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები და საპროკურორო საბჭოს მიმართავენ, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და უზრუნველყოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა.
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს დღეიდან იწყებს. საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების შედეგად, აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს, რომელთა შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც.