იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში 23 იანვარს სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარიას არ მოუნახულებია უვადო პატიმრები, ბავშვები და ქალები ის მაინც მადლიერია:
“როდესაც ჩემი შენიშვნის შემდეგ, სახალხო დამცველი უვადო პატიმრებთან, ბავშვებთან ან ქალებთან კი არ მივიდა, არამედ მივიდა იქ სადაც მივიდა, მე მაინც მადლიერი ვარ. იმედს ვიტოვებ ეს ბოლო ვიზიტი არ იქნება.”
23 იანვარს, საღამოს, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც ეწერა, რომ სახალხო დამცველი საღამოს საათებში მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა.
ომბუდსმენმა უწყების ეს განცხადება დანაშაულად შეაფასა და თქვა, რომ სახალხო დამცველის საქმიანობის მთელი პრინციპი დგას კონფიდენციალობაზე და მისი შეხვედრის გასაჯაროებით პენიტენციურმა სამსახურმა დანაშაული ჩაიდინა. ომბუდსმენმა ასევე განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევის, მასზე ზემოქმედებისა და სამსახურებრივი საქმიანობის ხელშეშლის სახით. ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხის ქვეშ დგება, თუ პატიმრებს არ ექნებათ გარანტია სახალხო დამცველთან მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის შესახებ, ამის გამო თავს შეიკავებენ ომბუდსმენის ინსტიტუტისადმი მიმართვისგან, რაც გააუარესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში.
თეა წულუკიანის თქმით, ნინო ლომჯარიამ ამ განცხადებით მათ ფაქტობრივად მოსთხოვა, რომ მედიას “ინფორმაცია დაუმალონ”.
“ჩვენ ეს ვალდებულება არ გვაქვს. როცა მედია გვიკავშირდებოდა და წყაროზე დაყრდნობით გვეკითხებოდა მართალი იყო თუ არა… ჩვენ ეს ფაქტი დავუდასტურეთ,”-აცხადებს წულუკიანი.