ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური დარწმუნებულია, რომ კანონი არ დაურღვევია

24 იანვარი, 2020 • 1140
პენიტენციური სამსახური დარწმუნებულია, რომ კანონი არ დაურღვევია

სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველს პასუხობს. უწყება დარწმუნებულია, რომ პატიმრებთან ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით კანონი არ დაურღვევია

სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, ომბუდსმენის პატიმრებთან შეხვედრა კონფიდენციალურია, ამის საფუძველზე პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 23 იანვარს მათ მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია, რომ ნინო ლომჯარია კონკრეტულ პატიმრებს შეხვდა, არ დარღვეულა.

მეორე მუხლი, რაზეც პენიტენციური სამსახური საუბრობს, სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლია, რომლის თანახმადაც, ისჯება  სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ მიერ გუშინ, 23 იანვარს გასაჯაროებულ ინფორმაციას ნინო ლომჯარიას საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია, შესაბამისად, პენიტენციურ სამსახურს კანონი არ დაურღვევია.

“2020 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე. კერძოდ, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მითითებას აკეთებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“

სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ისჯება  სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“.

“ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების
თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა,”-ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

პენიტენციურ სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ თუ ნინო ლომჯარია მე-9 დაწესებულებაში გაუფრთხილებლად იმიტომ მივიდა, რომ მას არ სურდა ამ ვიზიტის შესახებ მედიას გაეგო, უწყება ვალდებული არ იყო მედიისთვის ინფორმაცია დაემალა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პატიმრების არაერთი თხოვნის მიუხედავად ნინო ლომჯარია 2019 წელს არცერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ნამყოფი არ არის.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია.

პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე,” – წერია განცხადებაში.


24 იანვარს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველი ე.წ. მატროსოვის ციხეში ვიზიტისას შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, “საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია”.

შესაბამისად, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის მინისტრს დაქვემდებარებულმა პენიტენციურმა სამსახურმა კანონი დაარღვია. ომბუდსმენმა ასევე განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევის, მასზე ზემოქმედებისა და სამსახურებრივი საქმიანობის ხელშეშლის სახით. ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხის ქვეშ დგება, თუ პატიმრებს არ ექნებათ გარანტია სახალხო დამცველთან მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის შესახებ, ამის გამო თავს შეიკავებენ ომბუდსმენის ინსტიტუტისადმი მიმართვისგან, რაც გააუარესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი