ახალი ამბები

გახარიას თქმით, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემის გამო შესაძლოა სხვა პირებმაც დატოვონ თანამდებობა

24 იანვარი, 2020 • 1384
გახარიას თქმით, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემის გამო შესაძლოა სხვა პირებმაც დატოვონ თანამდებობა

პრემიერის თქმით, წლის დასაწყისში ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემის გამო შესაძლოა სხვა პირებმაც დატოვონ თანამდებობა.

გიორგი გახარია ამბობს, რომ მომხდარზე “გარკვეული საკადრო გადაწყვეტილებები” მთავრობამ უკვე მიიღო, თუმცა ეს გაგრძელდება. “უკვე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებში” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მიერ 7 იანვარს თანამდებობის დატოვება იგულისხმება. ეკატერინე გალდავას ნაცვლად იფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“  გრიგოლ მანდარია ხელმძღვანელობს.

ინტერვიუში გახარია ზოგადად საკურორტო ზონების მართვის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობს, რომლითაც კურორტების მართვაზე სპეციალურად შექმნილი კომპანია იქნება პასუხისმგებელი:

” ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. საერთოდ, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა ტურისტული ქალაქების მართვის თვალსაზრისით. აქ გარკვეული არევაა, ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოვალეობას ასრულებს, ეკონომიკის სამინისტრო საკუთარ ფუნქციას ასრულებს, მთის განვითარების სააგენტო – თავისას. ცოტა კოორდინაციის პრობლემაა, რაც აშკარად გამოჩნდა ბაკურიანისა და გუდაურის სამწუხარო მაგალითით.

უკვე გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომ მსგავს ადგილებში “მენეჯმენტი კომპანიები” შეიქმნას. ამ ინიციატივას უახლოეს პერიოდში პარლამენტში შევიტანთ და მომავალ სეზონს უკვე შევხვდებით ტურისტული ზონების მართვის სულ სხვა სქემით. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ მოძველებული ინფრსტრუქტურა გვაქვს, რამაც თავისი გარკვეული როლი შეასრულა. მაგალითად, გუდაურის შემთხვევაში… შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ნაწილობრივ იყო მიღებული, თუმცა ეს გაგრძელდება”, – ამბობს გახარია Entrepreneur Georgia-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი