სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან სახალხო დამცველის ინსტიტუტზე შეტევის პარალელურად სოციალურ ქსელებში ომბუდსმენზე დეზინფორმაციის გავრცელება გააქტიურდა.
ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ თეა წულუკიანი “მარტო არ არის” სახალხო დამცველის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მხარდაჭერას ელის.
“ამ ბოლო მოვლენების პარალელურად, სოციალურ ქსელებში ძალიან გააქტიურებულია სხვადასხვა გვერდები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, თითქოს სახალხო დამცველმა გააკეთა ესა თუ ის განცხადება. ამით, სავარაუდოდ, საზოგადოების გარკვეული კატეგორიის თვალში ცდილობენ სახალხო დამცველის და ჩვენი ინსტიტუტის დისკრედიტაციას. ძალიან გააქტიურებული არიან ე.წ. ტროლები და ბოტები ამ მიმართულებით. ამიტომ, ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქალბატონი მინისტრი შეიძლება ამ შემთხვევაში მარტო არ იყოს. ამიტომ მე ველი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ძალიან მკაფიო მხარდამჭერ განცხადებას”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის თქმით, თეა წულუკიანთან პირადი ან თუნდაც საქმიანი დაპირისპირება არ ჰქონია.
“თუმცა თვითონ განაცხადა, რომ მე მას ვერჩი, რაც ნამდვილად აბსურდია და არ შემიძლია სერიოზულად კომენტარი გავაკეთო. ხელისუფლებას რაც შეეხება, თუ ხელისუფლება არ დგას ამ ყოველივეს უკან, მაშინ, დიახაც, მე ველოდები, რომ პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს სახალხო დამცველის მხარდამჭერ განცხადებას და მომცემენ გარანტიას, რომ ჩემი თანამშრომლები პენიტენციურ დაწესებულებებში იქნებიან უსაფრთხოდ, ჩვენი კონფიდენციალურობა იქნება დაცული და გამოძიება წარიმართება დროულად და ეფექტურად”, – დასძინა ლომჯარიამ.
21 იანვარს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავდენ ციხეებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიტანა ვიდეო, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული. წულუკიანმა ომბუდსმენის წარმომადგენელი ჩაცმულობისა და ქმედებების გამო გააკრიტიკა. მოგვიანებით აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
24 იანვარს კი პენიტენციურმა სამსახურმა საჯარო გახადა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველი ე.წ. მატროსოვის ციხეში ვიზიტისას შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე, 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, “საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია”. შესაბამისად, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის მინისტრს დაქვემდებარებულმა პენიტენციურმა სამსახურმა კანონი დაარღვია.
ომბუდსმენმა ასევე განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევის, მასზე ზემოქმედებისა და სამსახურებრივი საქმიანობის ხელშეშლის სახით. ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხის ქვეშ დგება. თუ პატიმრებს არ ექნებათ გარანტია სახალხო დამცველთან მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის შესახებ, ამის გამო თავს შეიკავებენ ომბუდსმენის ინსტიტუტისადმი მიმართვისგან, რაც გააუარესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში.