ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა – სახალხო დამცველი

24 იანვარი, 2020 •
იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა – სახალხო დამცველი

“იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. კერძოდ, ადგილი აქვს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელშეშლის მცდელობას”, – განაცხადა დღეს, 24 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქმე ეხება 23 იანვარს პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების გასაჯაროებას: პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც ეწერა, რომ სახალხო დამცველი საღამოს საათებში მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა. მანამდე იუსტიციის მინისტრმა გამოაქვეყნა სახალხო დამცველის წარმომადგენლის მსჯავრდებულთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი.

სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სსკ-ის 352-ე მუხლით და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები, მათი თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად. ამავდროულად, ნინო ლომჯარია პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს მოუწოდებს, გააკეთონ სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება, ხოლო მთავრობისგან მოითხოვს სახალხო დამცველის თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიებს პენიტენციურ სისტემაში. ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს მიმართავს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები, იფიქროს, რა შედეგი ექნება მის ქმედებებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.

“ბოლო დღეების განმავლობაში ხდება უპრეცედენტო რამ ამ ოფისის არსებობის 25 წლის ისტორიაში, როდესაც იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახურის მხრიდან ხდება სახალხო დამცველის და მისი წარმომადგენლების პატიმრებთან შეხვედრის კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება როგორც უკანონოდ შენახული ვიდეოთვალთვალის მასალის გასაჯაროებით, ასევე, სახალხო დამცველის მხრიდან პატიმრებთან შეხვედრის კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებით ჩემი ნებართვის გარეშე”, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფის გარდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის/იუსტიციის სამინისტროს მიერ უხეშად დაირღვა სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის ნორმა, რომლის თანახმად, სახალხო დამცველის შეხვედრა დაკავებულებთან კონფიდენციალურია.

მისი თქმით, მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა პატიმრები აიძულოს, თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვისგან.

“კონსტიტუციით, სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. ის საკითხი, თუ ვის შეხვდება სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი, არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გამჟღავნება წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევას, მასზე ზემოქმედებისა და მისი სამსახურებრივი საქმიანობის ხელშეშლის მიზნით. მოცემული ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულს”,- აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას თქმით, თეა წულუკიანი დანაშაულებრივ ქმედებებში რთავს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებსაც და კონფიდენციალურ ინფორმაციას ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს, რაც ძალიან სახიფათო მოვლენაა.

“აღნიშნული ქმედებები სცილდება თეა წულუკიანის მხრიდან პირადად ჩემი ან ჩემი აპარატის დისკრედიტაციის მცდელობას და ქმნის ძალიან სახიფათო ვითარებას,როდესაც პატიმრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, მათი უფლებრივი მდგომარეობა შესაძლებელია, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგეს. ბოლო დღეების ფაქტებით ქალბატონმა წულუკიანმა პატიმრებს გაუგზავნა ძალიან სახიფათო გზავნილები, რომ მათი კომუნიკაცია სახალხო დამცველთან არ არის დაცული. თუკი პატიმრებს შეერყევათ 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა ჩვემი ინსტიტუტის მიმართ, ეს ფაქტი გამოიწვევს პატიმრების მხრიდან ჩვენთან ურთიერთბის შეზღუდვას, რაც სახალო დამცველის სამქიანობის ხელშეშლის ფაქტს წარმოადგენს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარია ოქრუაშვილს და მერაბიშვილს შეხვდა – სპეციალური პენიტენციური სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი