ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

24 იანვარი, 2020 •
ტრანსგენდერი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ქვიარ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ იუწყება, რომ პირს, რომელსაც ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და მასზე სექსუალური ძალადობა ედებოდა ბრალად, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

საქმის დეტალები, ორგანიზაციის თანახმად, ასეთია: დაზარალებულს უცნობ პირთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგაც ბრალდებულმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ამის შემდეგ „ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს, დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა“, – წერს ორგანიზაცია.

მისჯილი 5 წლიდან ბრალდებულს რეალურ სასჯელად 3 წელი განესაზღვრა, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად (ანუ გამოსაცდელი ვადით); მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

გამოძიება მიმდინარეობდა ყაჩაღობის (სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი), გაუპატიურების (137-ე მუხლი) და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (138-ე მუხლი) მუხლებით.

„თანასწორობის მოძრაობის“ ცნობითვე, საქმეში გამოკვეთილია სიძულვილის მოტივიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი