ახალი ამბები

გვარამია: პროკურატურა უთვალთვალებდა არა ავტომობილს, არამედ ჩემი ცოლის გადაადგილებას

24 იანვარი, 2020 • 2690
გვარამია: პროკურატურა უთვალთვალებდა არა ავტომობილს, არამედ ჩემი ცოლის გადაადგილებას

“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ პროკურატურა მას და მის ოჯახს 2019 წელს 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა მაშინაც კი, როცა მისი ოჯახი “სადავო მანქანით” არ გადაადგილდებოდა.

საუბარია Porche Macan S -ზე. პროკურატურა ირწმუნება, რომ გვარამიას ოჯახს “რუსთავი 2-ის” ხარჯზე ძვირადღირებული მანქანა “ფაქტობრივ საკუთრებაში” ჰქონდა. გვარამიას თანახმად, პროკურატურა ამ თვალთვალს ხსნიდა ისე, თითქოს მათ სურდათ ჩანაწერებით დაემტკიცებინათ, რომ ამ მანქანას მართლაც ნიკა გვარამიას ოჯახი იყენებდა. “მთავარი არხის” დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი კი ამბობს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ მისი ოჯახი Porche Macan S-ს იყენებდა და დაინტერესების შემთხვევაში პროკურატურას ამ ინფორმაციას მიაწვდიდა. ნიკა გვარამიას თქმით, პროკურატურა მის ცოლს, სოფიო ლილუაშვილს 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა.

“ამ ხელისუფლების გამო ჩემი ოჯახი განუწყვეტელი თვალთვალის, ზემოქმედების, საშიშროებისა და საფრთხის წინაშეა. იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოდ წამოწყებული ერთ-ერთი საქმე მანქანას ეხება. ეს მანქანა ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო და ეს არც დაგვიმალავს. ამ მანქანით მეუღლე და ბავშვები სარგებლობდნენ. ცხადია, ამაში დანაშაულებრივი არაფერია, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებით გვქონდა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ გადაწყვიტა დაედგინა, ეს მანქანა რეალურად არის თუ არა ჩემი ოჯახის სარგებლობაში. ჩვენთვის რომ ეკითხათ, მარტივად დავუდასტურებდით, მაგრამ მათ არ უკითხავთ. ამის მიუხედავად, გამოიტანეს დადგენილება თვალთვალის გამოყენების შესახებ, რათა ეს საკუთრება დაედგინათ”, – აცხადებს გვარამია.

გვარამიას თქმითვე, მისი ცოლი სოფიო ლილუაშვილი “თვალთვალის დოკუმენტებში” მოხსენებულია როგორც “ობიექტი ლაბაძე”:

“ამ დოკუმენტში აღწერილია ამ დღეების განმავლობაში მისი გადაადგილება. მისი და არა მანქანის. მხოლოდ ორ დოკუმენტში ფიგურირებს ეს მანქანა. დანარჩენი არის სხვა მანქანა – ჩემი ან ჩვენი მეგობრების. დოკუმენტში მითითებულია ასევე გადაადგილება ჩემთან ერთად, ჩემ გარეშე. კითხვას ვსვამ, როცა ადამიანი სამსახურში მიდის და იქ ელოდებიან, უთვალთვალებენ, სტუმრად რომ მივდივართ და დილის ოთხ საათზე გამოვდივართ და ვბრუნდებით სხვა მანქანით, ამას მანქანის დადგენასთან რა კავშირი აქვს?! 28 დღე რას უთვალთვალებდნენ, რაში აინტერესებდათ ჩემი ცოლისა და შვილების გადაადგილება და ამის დეტალური აღწერა?! ჩვენ რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ, ძალიან კარგად ვიცით. ეს უკვე შვიდი წელია გრძელდება. ის, რომ ჩემი შვილების თვალთვალის ვიდეოკადრებს გვიგზავნიან, უკვე ოფიციალურს, მგონია, რომ ეს არის საომარი მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემმა ოჯახმა ომის გამოცხადება უკვე დიდი ხანია მიიღო და დღეს საბოლოოდ ვაცხადებ, რომ ჩვენ გამოწვევას ვიღებთ და “ომში” შევდივართ. ჩვენ საპასუხო ომს ვუცხადებთ ბიძინა ივანიშვილს და მას დავამარცხებთ.”

გვარამიას ოჯახის თვალათვალი პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში უარყო. პროკურატურა აცხადებს, რომ გვარამიას ოჯახს არ უთვალთვალებენ და კადრები სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი მტკიცებულებაა.

უწყების ცნობით, აღნიშნული კადრები ადასტურებს, რომ ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდნენ 76 ათას ევროს (232 201 ლარად) ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს “პროესკო მედიას” სახელზე.

გვარამიას ოჯახმა “ფაქტობრივ საკუთრებაში” “პორშე” მიიღო, რითაც დაზარალდა რ2 – პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი