ახალი ამბები

გვარამიას ოჯახმა “ფაქტობრივ საკუთრებაში” “პორშე” მიიღო, რითაც დაზარალდა რ2 – პროკურატურა

1 ნოემბერი, 2019 • 2119
გვარამიას ოჯახმა “ფაქტობრივ საკუთრებაში” “პორშე” მიიღო, რითაც დაზარალდა რ2 – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ახალი ბრალი ,,Porche Macan S”-ს უკავშირდება. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გვარამიას ოჯახს “ფაქტობრივ საკუთრებაში” რუსთავი 2-ის ხარჯზე ძვირადღირებული მანქანა ჰქონდა.

გვარმიასთვის წარდგენილი ბრალის დადგენილების თანახმად, მან მანქანის სანაცვლოდ “პორშე ცენტრს”  რუსთავი 2-ზე სარეკლამო დრო  შესთავაზა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ უშუალოდ კომპანიასთან მოლაპარაკებებს არა გვარამია, არამედ “მისი ნდობით აღჭურვილი პირი” აწარმოებდა. გამოძიების ვერსიით ნიკა გვარამიამ მანქანა სარეკლამო კომპანიის სახელზე გააფორმა, თუმცა რეალურად მისი ოჯახის წევრები სარგებლობდნენ.

“2019 წლის თებერვალში შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „პორშეს ცენტრში“ მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი ,,Porche Macan S”, რომლის შეძენის მიზნით, ნიკა გვარამიამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელ საწარმოს ხელმძღვანელებს ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შესთავაზა, რომ ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ. ასევე, ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ავტომანქანის წინასწარ სარგებლობაში გადაცემისა და ე.წ. „ბარტერზე“ დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საეთერო დროში შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას“ მეშვეობით.
შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა  გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა. იმავე დღეს ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა კონტრაქტორ საწარმოს – შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა  რუსთავი 2-ში ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი ბრენდის რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.
ზემოაღნიშნული ქმედებებით ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი – ,,Porche Macan S”, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი”,- წერია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს, პირველ ნოემბერს, რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წაუყენა.

ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან კომენტარი პროკურატურაში შესვლამდე გააკეთა და მისთვის ბრალის წარდგენა საკუთარ საქმიანობას დაუკავშირა.

“ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს და ამ ქვეყანაში მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. მას სულ უნდა [გვარამიას დაკავება], მაგრამ რაც გინდა, ეგ ყოველთვის არ გამოდის. შეიძლება წყალტუბო მოიპარო, მაგრამ გვარამია ვერ დააკავო… ასეთი უცნაურია ხოლმე ცხოვრება”,-აცხადებს გვარამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი