რა ხდებოდა სომხეთში ამ დღეების განმავლობაში, რამდენად ჰქონდა ადგილი პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას მომიტინგეთა დაშლის დროს?
სომხეთის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებდა ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებას და მშვიდობიანი დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი ერევნის ცენტრში. მას შემდეგ, რაც მათ გადაკეტეს ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ერევანში, პოლიციამ გააფრთხილა ისინი; ხოლო შემდგომ გამოიყენა წყლის ჭავლი დემონსტრანტების დასაშლელად და ასევე ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი დემონსტრანტების მიმართ.
Amnesty International მიიჩნევს, რომ სომხეთის პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად და ასეთი მეთოდით მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა არღვევს შეკრების თავისუფლებას.
ორი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი, რომ ის აქცია, რომელიც ერევანში დღესაც გრძელდება და აქვს მშვიდობიანი ხასიათი, ამ აქციის მისამართით პოლიციამ არ უნდა გამოიყენოს ძალა. მეორე- 23 ივნისს მომხდარი ფაქტი, როდესაც პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ, უნდა იქნას გამოძიებული სწრაფად და ეფექტურად. ყველა დამნაშავე, რომელიც გამოვლინდება პოლიციის მხრიდა,ნ უნდა იყოს დასჯილი. აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ 23 ივნისის დემონსტრაციასთან დაკავშირებით სომხეთის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, თუმცა არა პოლიციის წინააღმდეგ, არამედ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხულიგნობის მუხლით.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, დემონსტრანტთა ცემასა და ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლაში რას გულისხმობთ?
ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე თვითმხილველს, რომელიც იმყოფებოდა 23 ივნისს აქციაზე. მათ დაადასტურეს, რომ პოლიცია ცემდა მშვიდობიან დემონსტრანტებს ხელკეტებით. აქ არ არის საუბარი მხოლოდ წყლის ჭავლით აქციის დაშლაზე, არამედ საუბარი არის ფიზიკურ ძალადობაზე პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ანუ, ეს დემონსტრანტები არ წარმოადგენდნენ არანაირ საფრთხეს პოლიციისთვის და არ იყო ძალადობა დემონსტრანტების მხრიდან. იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც პოლიციამ გამოიყენა ფიზიკური ძალა და ფიზიკურად გაუსწორდა, დემონსტრანტების მხრიდან ძალადობას არ ქონია.
ასევე, თვითმხილველებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ პოლიცია ხელს უშლიდა ჟურნალისტებს მათ საქმიანობაში. კერძოდ, არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს წაართვეს ფოტოკამერა, ვიდეოკამერა და მათ არ დაუბრუნეს ისინი, არ აძლევდნენ გადაღების საშუალებას და ასევე იყო მუქარა ჟურნალისტების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები აჩვენებდნენ მათ ჟურნალისტის მოწმობას. ასევე, რამდენიმე ჟურნალისტი რამდენმე საათით იქნა გადაყვანილი პოლიციის განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ჟურნალისტებმა განუმარტეს პოლიციელებს, რომ ისინი არ იღებდნენ აქციაში მონაწილეობას, არამედ აკვირდებოდნენ აქციას, როგორც ჟურნალისტები.
ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ახლა ჩამოთვალეთ, როგორ შეაფასებთ გამოძიების ეფექტურობას, რამდენად ეფექტურად ატარებს სომხეთის ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით გამოძიებას?
ჯერჯერობით, ეს მოვლენები ახალი მომხდარია, შესაბამისად, მე არ მაქვს ინფორმაცია, სომხეთის ხელისუფლებამ დაიწყო თუ არა, როგორც ასეთი, გამოძიება პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით. რაც ცნობილია, არის ის, რომ პოლიციამ დაიწყო გამოძიება დემონსტრანტების წინააღმდეგ ხულიგნობის მუხლით.
რა მდგომარეობა არის დაკავებულთა უფლებების დაცვის კუთხით? Human Rights Watch წერდა, რომ დაკავებულებს ჰქონდათ პრობლემები ადვოკატის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, თქვენ თუ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია?
სამწუხაროდ, არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. ვერ მოვახერხეთ, რომ დაკავებულების ადვოკატებთან გვესაუბრა.
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკვე დიდი ხანია პრობლემები არის აზერბაიჯანში, ამჯერად სომხეთში დაირღვა შეკრების და მანიფესტაციის გამართვის უფლება. რამდენად შეიძლება იქონიოს ამ მოვლენებმა გავლენა რეგიონში და კონკრეტულად, საქარველოში მიმდინარე პროცესებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით?
საქართველომ უნდა მიცეს მაგალითი მეზობლებს, როგორიც არის სომხეთი და აზერბაიჯანი, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, რომელსაც ძალიან სერიოზული გამოწვევბი უდგას ადამიანის უფლებების კუთხით, უნდა მიცეს მაგალითი და დაანახონ იმ რეფორმებით, რაც საქართველოში ხორციელდება, რომ შესაძლებელია კავკასიის რეგიონში იყოს სახელმწიფო, რომელიც დააფასებს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს თავისი ”წვლილი” ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხში. ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ხდება ყველგან, შესაბამისად, აუცილებელია, რომ საქართველომ, ასევე სომხეთმა და აზერბაიჯანმა, გადადგან ნაბიჯები და გამოასწორონ ადამიანთა უფლებების ის დარღვევები, რომლებსაც ადგილი აქვთ ამ ქვეყნებში.







