ახალი ამბები

მოუწევთ, გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული სისტემა – წულუკიანი ოპოზიციას

23 იანვარი, 2020 • 4560
მოუწევთ, გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული სისტემა – წულუკიანი ოპოზიციას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიცია ან უნდა დათანხმდეს მმართველი გუნდის შეთავაზებას, ან გამოიგლოვოს პროპორციული საარჩევნო სისტემა. წულუკიანმა დიპლომატების მედიატორობით ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე “პოსტ ტვ-ის” ეთერში ისაუბრა:

“ეს მოლაპარაკებები მიმდინარეა, შესაბამისად, შეფასებები მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ უნდა გავაკეთოთ. დღესვე შეიძლება ითქვას… ჩემი გადასახედიდან, რომ ეს შეხვედრები საჭირო იყო, რათა მათი პოზიციები კიდევ ერთხელ მოგვესმინა. ჩვენ მათ არ ვატყუებთ, ვეუბნებით, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა, თუმცა მზად ვართ, რომ უფრო მეტად პროპორციული გავხადოთ [საარჩევნო] სისტემა. ახლა მათგან ველოდებით პასუხს…  მოლაპარაკება მნიშვნელოვანია.  ვფიქრობთ, ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, გამოიგლოვონ [ერთი ცნობილი ფილმის არ იყოს] ეს თავიანთი პროპორციული [სისტემა] და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მზადება”, – თქვა წულუკიანმა.

2019 წლის დეკემბერში ხელისუფლებამ ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ახალი მოდელი შესთავაზა, თუმცა იმ დათქმით, რომ აღნიშნული მოდელით ჩატარდება 2024 წლის არჩევნებიც, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, სრულად პროპორციული მოდელით უნდა გაიმართოს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი მოდელით მანდატების განაწილებისას პროპორციულის წილი გაიზრდება და 2/3-ს შეადგენს. ასეთ შემთხვევაში 100 დეპუტატის პროპორციულით აირჩევა, 50 მანდატს კი მაჟორიტარები მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი