აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს ორპარტიულ გაფრთხილებას უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა აღნიშნულს სერიოზულად უნდა მოეკიდოს.
“საქართველოს მთავრობა სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ წერილს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება იმ ნეგატიური ტენდენციების შესახებ, რომელიც ეხება სამთავრობო ტენდერების პოლიტიზებას, გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ძალაუფლების კონცენტრაციას. ეს მომდინარეობს საქრათველოს მეგობრებისგან”, – წერს კარპენტერი Twitter-ში.
ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა: დემოკრატმა ჯერალდ კონოლიმ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაულმა და დემოკრატი ელიოტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება პოლიტიკური ოპონენტების დევნის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების და ანაკლიის პორტის შეფერხების გამო.