ახალი ამბები

მერია: ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს

25 ივნისი, 2015 • • 1623
მერია: ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს

მერიის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე ექსპერტებმა თბილისის მერს ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს. მერიის განცხადებით, კომისიის წევრები შეჯერდნენ, რომ ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს.


კომისიის შეხვედრა მერიაში
კომისიის შეხვედრა მერიაში


„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მდინარე ვერე რაც შეიძლება უნდა გათავისუფლდეს იმ გვირაბებისგან, სადაც ის მიედინება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვირაბს აღარ გავაკეთებთ, ხიდის კონსტრუქციაზე ვიმუშავებთ და ძირითადი საინჟინრო გადაწყვეტილება ამაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.


ამასთან, თბილისის მერის თქმით, სპეციალისტები მდინარე ვერეს ხეობას საწყისი წერტილიდან შეისწავლიან და კვლევას ჩაატარებენ. პარალელურ რეჟიმში აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთი.


„გზის აღდგენა უნდა მოვახერხოთ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, რათა მოძრაობა იქნას გახსნილი და პარალელურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. გაკეთდება ტრანსპორტისა და მარშრუტების სქემა, რათა ამ კვლევაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი მდინარე ვერეზე დამცავი დამბის გაკეთება და წყლის ნაკადების და მოცულობის რეგულირება იყო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.


თბილისის მერის თქმით, დღევანდელ სხდომაზე შეჯერებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია ხვალიდან დაიწყება და შესაბამისი სამსახურები დავალებებს მიიღებენ. 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა 27 ივნისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი