ახალი ამბები

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებები 27 იანვრიდან დაიწყება

22 იანვარი, 2020 • 1136
გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებები 27 იანვრიდან დაიწყება

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დაადგინა და კანდიდატებად წარდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა.

როგორც საპროკურორო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილ ყველა პირთან ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. გასაუბრების პროცესი “ლაივ სტრიმით” გადაიცემა.

გასაუბრების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო ფარული წესით უყრის კენჭს შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პირს და შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

დღევანდელ სხდომაზე საბჭომ ასევე შეისწავლა კანდიდატებად წარდგენილი პირების დოკუმენტები. შესწავლის შედეგად დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო ორ პირს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო ერთმა  პირმა პირადი განცხადებით მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს.


საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის  17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების შედეგად, აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს  17 კანდიდატი წარუდგინეს, რომელთა შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი